ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდი გაიხსნა

© Tbilisi City Hallკახა კალაძე ათვალიერებს სამშენებლო სამუშაოებს
კახა კალაძე ათვალიერებს სამშენებლო სამუშაოებს - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2024
გამოწერა
ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.
თბილისი, 30 მაისი — Sputnik. ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელ ახალ საავტომობილო ხიდზე ავტომობილების გადაადგილება უკვე შესაძლებელია, იუწყება თბილისის მერია.
ამიერიდან ბაგებიდან საბურთალოს რაიონში მოხვედრა ვაკის გზის გვერდის ავლით არის შესაძლებელი.
ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო სახიდე გადასასვლელი, რომელიც უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ აშენდა, 260 მეტრი სიგრძისაა და ოთხი სამოძრაო ზოლისგან შედგება, ხოლო მანძილი წყნეთის გზატკეცილიდან უნივერსიტეტის ქუჩამდე 532 მეტრია.
პროექტის ფარგლებში მოეწყო ტროტუარები, გარე განათების ქსელი და LED სანათები, დამონტაჟდა მოაჯირები, ხიდის სავალ ნაწილზე ჩატარდა საიზოლაციო სამუშაოები, მოეწყო სანიაღვრე სისტემა და დაიგო ასფალტის რამდენიმეფენიანი საფარი.
გარდა ამისა, მოეწყო ხიდთან მისასვლელი გზები და სატრანსპორტო კვანძები, როგორც უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან, ასევე ბაგების დასახლების მხარეს, თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან.
ხიდის სამშენებლო სამუშაოები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა. მშენებლობა 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო და 2024 წლის მაისის ბოლოს დასრულდა. პროექტის ღირებულება ჯამში 36,4 მლნ ლარს შეადგენს.
ახლად დასრულებული პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გახსნეს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქალაქისთვის და ეს პროექტიც ხელს შეუწყობს ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას.

„მინდა, მივულოცო ეს დღე თბილისელებს, ყველას, ვისაც უხარია ჩვენი დედაქალაქის განვითარება. მინდა, აღვნიშნო, რომ, როგორც ყოველთვის, ეს პროექტიც განსაკუთრებული გემოვნებით არის შესრულებული, განხორციელებული“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ეს ტერიტორია იყო აბსოლუტურად განუვითარებელი და ქალაქში „ნაცრისფერი სივრცეს“ წარმოადგენდა.
„მას შემდეგ, რაც განხორციელდა პირველი ინფრასტრუქტურული პროექტები, ქალაქის ამ ტერიტორიამ სრულიად შეიცვალა იერსახე, განვითარდა გარშემო მთელი სივრცე“, - განაცხადა კობახიძემ.
კახა კალაძემ საზოგადოებას გააცნო განხორციელებული პროექტის დეტალები და ხიდის მშენებლობაში ჩართულ ყველა პირს მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, კიდევ ბევრ, მნიშვნელოვან და სასიხარულო პროექტს განვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ, თბილისის მოსახლეობა კიდევ უფრო კომფორტულად იცხოვრებს ჩვენს დედაქალაქში“, - აღნიშნა დედააქალაქის მერმა.

მისი თქმით, ამ ქალაქს აქვს უდიდესი რესურსი და შესაძლებლობა, საჭიროებს განახლებას და მოწესრიგებას და ბოლო წლების განმავლობაში, ბევრი სასიკეთო პროექტი გაკეთდა.
„მომავალში კიდევ უფრო მეტი გაკეთდება, მეტი პროექტი განხორციელდება იმისთვის, რომ ჩვენი დედაქალაქი იყოს კიდევ უფრო ლამაზი, მიმზიდველი და საცხოვრებლად უფრო კომფორტული. გილოცავთ ყველას, დღეიდან უკვე შესაძლებელია ამ ხიდის გამოყენება და ერთ საათში ის ავტომობილებისთვის გაიხსნება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც კალაძემ აღნიშნა, პროექტზე ქართული კომპანია „კონსტრაქშენ სერვისი“ მუშაობდა, და ყველა დეტალი, რომელიც გამოყენებულია ხიდისთვის, წარმოებულია საქართველოში.
ხიდის მშენებლობა 2021 წელს დაიწყო და მისს დასრულება 2024 წლის იანვარში იგეგმებოდა, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო სამუშაოები ძლიერი ქარის დროს ჩერდებოდა, პროექტის დასრულების თარიღმა კი აპრილისთვის გადაიწია.
ყველა ახალი ამბავი
0