რევოლუციური გეგმა ჩაიშალა - პრემიერი ლარის კურსთან დაკავშირებით

© photo: Sputnik / Stringerვალუტის გადამცვლელი პუნქტი
ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2024
გამოწერა
ლარის კურსის ცვლილება ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა, განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ კანონით აკრძალულია მისთვის დეტალების მიწოდება.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. საქართველოში ორი დღის განმავლობაში ლარის კურსის ვარდნის ფონზე რევოლუციის მოწყობის გეგმა ჩაიშალა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე.
ოპოზიცია ბოლო პერიოდში აქტიურად აკეთებს განცხადებებს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ კრიზისზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე, რომლის წინააღმდეგაც ქვეყანაში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. ნეგატიური პროგნოზების მიზეზი გახდა ლარის გაუფასურება და ასევე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ დღეში საქართველოს ორი უმსხვილესი ბანკის - TBC-ისა და „საქართველოს ბანკის" აქციების ფასის მკვეთრი ვარდნა -15% და 20%, შესაბამისად.
„ასეთი პროცესი იკვეთებოდა, იყო ორი დღე, როდესაც ლარის კურსი უნდა დაცემულიყო, უნდა ჩამოსულიყვნენ ევროპელი დეპუტატები, საგარეო საქმეთა მინისტრები და ამ ორ დღეში უნდა მომხდარიყო რევოლუცია, იყო ასეთი უსუსური გათვლა. საბოლოო ჯამში, ეს გეგმა ჩავარდა“, - განაცხადა კობახიძემ.
სკანდალური კანონის მიღებიდან რამდენიმე დღეში ვალუტა დასტაბილურდა, მაგრამ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დღეს, 28 მაისს, ლარი 2,76 GEL/$1 ნიშნულამდე გაუფასურდა, ჯერ კიდევ 15 მაისს კი კურსი 2,68 GEL/$1 შეადგენდა.
პრემიერის თქმით, გაკეთდა ლოგიკური დასკვნა, ეს იყო ხელოვნური ზეწოლა ლარზე,
„იმავე დღეს ჩამოიყვანეს ევროპელი დეპუტატები, შემდეგ სენაზე გამოიყვანეს საგარეო საქმეთა მინისტრები. ვინც ამას გეგმავდა, ვფიქრობთ, რომ ის მოიაზრებდა ამ პროცესების, ანუ რევოლუციის წარმატებას, თუმცა, როგორი უსუსურიც იყო გეგმა, ისევე უსუსურად დასრულდა“, – განაცხადა პრემიერმა.
საქართველოში ვიზიტისას ლიეტუვის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდნენ. მანამდე კი ყველა შეხვედრაზე მინისტრები აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გარდა, მათ საქართველოში აღნიშნული კანონის მიღების აუცილებლობაში არწმუნებდნენ.
კობახიძის ინფორმაციით, ლარის კურსის ცვლილება ერთი კონკრეტული სუბიექტის ჩარევით მოხდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ მას ეს კანონით ეკრძალება.
„იყო საბოტაჟის შესაძლო ნიშნები, ვერ დავასახელებ, კანონით მეკრძალება ამაზე საუბარი. ეროვნულ ბანკსაც ეკრძალება კანონით ამაზე საუბარი, მაგრამ იყო ხელოვნური ჩარევის პირდაპირი ნიშნები“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, წლის ბოლომდე საქართველო მიაღწევს უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდას, ვიდრე სსფ პროგნოზირებდა.
მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით ოთხ თვეში საშუალო ეკონომიკური ზრდა 8%-ზე მეტია.
„რაც შეეხება წინასწარ ოთხთვიან მონაცემებს (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი) – საშუალო ზრდა გვაქვს 8%-ზე მეტი, იმაზე ბევრად უფრო მეტი, ვიდრე სავალუტო ფონდმა იწინასწარმეტყველა. ჯერ არ გვაქვს მაისის მონაცემები, თუმცა, წინასწარი მონაცემები რაც არის, მათ შორის საგადასახადო და ა.შ. გვაქვს აქაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი. საბოლოო ჯამში, წლის ბოლოსთვის ჩვენ გავალთ იმაზე ბევრად უფრო მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ვიდრე სავალუტო ფონდი პროგნოზირებდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, საქართველო ერთ სულ მოსახლეზე რეალური მშპ-ს ზრდის ათწლიანი ტემპის მიხედვით 2029 წელს მსოფლიოს საუკეთესო სამეულში დაიმკვიდრებს ადგილს და ევროპაში ზრდის უპირობო ლიდერი გახდება.
სსფ-ის მონაცემებით, 2019-2029 წლების პერიოდში ლიდერთა სამეულში 967%-იანი ზრდით შევა გაიანას კოოპერატიული რესპუბლიკა, შემდეგ მოდის ბანგლადეში (საშუალოწლიურად 5,3%) და საქართველო (საშუალოწლიურად 5,3%). ამასთან, წარმოდგენილი პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 10 წელიწადში 68%-ით გაიზრდება.
საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკულ დოლარში ერთ სულზე 2029 წელს 12.900 დოლარს გადააჭარბებს, 2020 წელთან შედარებით გასამმაგდება, 2021 წელთან შედარებით კი ორნახევარჯერზე მეტად იზრდება.
უშუალოდ 2029 წელს ფონდის პროგნოზით საქართველოს ნომინალური ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ამერიკულ დოლარში 8,6%-ით გაიზრდება.
ყველა ახალი ამბავი
0