აშშ-მ და ევროკავშირის სტრუქტურებმა დაგმეს „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება
20:56 29.05.2024 (განახლებულია: 10:28 01.06.2024)
© photo: Sputnik / Artur Gabdrakhmanov
/ გამოწერა
მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საქართველოს დემოკრატიულ გზას ემუქრება.
თბილისი, 29 მაისი – Sputnik. აშშ-მ, ისევე როგორც ევროკავშირის სხვადასხვა სტრუქტურებმა საქართველოს ხელისუფლება მწვავედ მას შემდეგ გააკრიტიკეს, რაც არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
28 მაისს, სამშაბათს საქართველოს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის არანაკლებ 20% უცხოური დაფინანსებაა, სპეციალურ რეესტრში დარეგისტირებას და დეკლარაციის ყოველწლიურად შევსებას ავალდებულებს, პრეზიდენტის ვეტო დაძლია.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სამსახურის უფროსმა მეთიუ მილერმა ბრიფინგი „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთთან დაკავშირებული განცხადებით დაიწყო. მისი თქმით, შეერთებული შტატები გმობს კანონზე ვეტოს დაძლევას, რომელიც, მილერის შეფასებით, ანტიდემოკრატიულია და არ შეესაბამება ევროპულ ნორმებს.
„ამ კანონის მიღებით მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანა კიდევ უფრო დააშორა ევროინტეგრაციის გზას და უგულებელყო ქართველი ხალხის ევროატლანტიკური მისწრაფებები, რომლებიც უკვე რამდენიმე კვირაა აპროტესტებენ ამ კანონს ქუჩებში“, - განაცხადა მილერმა.
„ქართულმა ოცნებამ“ დააიგნორა ვენეციის კომისიისა და საქართველოს უახლოესი პარტნიორების სამართლებრივი შეფასება, რომლებმაც ნათლად გამოხატეს თავიანთი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ კანონი სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და შეზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს, აღნიშნა მილერმა.
„მმართველი პარტიის ქმედებები და ანტიდასავლური რიტორიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს დემოკრატიულ გზას, მომავალ ეკონომიკურ უსაფრთხოებას, ევროკავშირის წევრობას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს შეერთებულ შტატებისა და საქართველოს ურთიერთობას“, - განაცხადა მილერმა.
მან ხელისუფლებას შეახსენა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს „დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“. შეერთებულმა შტატებმა ასევე დაიწყო აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა.
„როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა თქვა გასულ კვირას, ჩვენ გავითვალისწინებთ „ქართული ოცნების" ქმედებებს ჩვენი შემდგომი ნაბიჯების გადაწყვეტისას... სამწუხაროა, რომ საქართველოს ლიდერები ირჩევენ უარი თქვან იმ ნაბიჯებზე, რაც საჭიროა საქართველოს დასავლური მიმართულებით დასაწინაურებლად, იმ მიმართულებით, რაც ქართველ ხალხს სურს", - განაცხადა მილერმა.
რაც შეეხება სავიზო შეზღუდვებს, მილერის თქმით, იმ პირთა ვინაობა, რომელთაც შეეხება სავიზო შეზღუდვები, არ გასაჯაროვდება,რადგანაც, როგორც სპიკერმა განმარტა, ფედერალური კანონის შესაბამისად, იგი კონფიდენციალურია.
„მაგრამ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა, რომლის შესახებაც ჩვენ ხუთშაბათს განვაცხადეთ, არაა ერთადერთი, რაზეც მკაფიოდ ვისაუბრეთ, რომ შეიძლება, შეიცვალოს საქართველოს ქმედებების შედეგად. როგორც მდივანმა ხუთშაბათს განაცხადა, ჩვენ ვაწარმოებთ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობების ყოვლისმომცველ გადახედვას", - განაცხადა მილერმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ ყოველწლიურად 390 მლნ დოლარის ოდენობით დახმარებას უწევს ისეთი საკითხებისთვის, როგორიცაა სამხედრო დახმარება, ეკონომიკური განვითარების პროექტები და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტების შექმნა.
„ჩვენ მოგვიწევს ამ ყველაფრის გადაფასება, თუ საქართველოს მთავრობა აპირებს შეერთებულ შტატები და სხვა დასავლელი პარტნიორები განიხილოს არა როგორც პარტნიორები, არამედ მოწინააღმდეგეები“, – განაცხადა მილერმა.
ბრიფინგზე თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა კარინ ჟან-პიერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ იმედგაცრუებულია ანტიდემოკრატიულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით.
როგორც თეთრი სახლის სპიკერმა აღნიშნა, ეს კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან მოითხოვს დარეგისტრირდნენ უცხოური ხელისუფლების აგენტებად, უცხოეთიდან დაფინანსების 20 პროცენტის მიღების გამო.
„სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიების შენარჩუნებაში და ამ ტვირთის შექმნა ძირს უთხრის მათთვის ამის შესაძლებლობას. სამოქალაქო საზოგადოების ჩახშობა არის ის, რასაც ავტორიტარული მთავრობები აკეთებენ. ეს არის განსხვავებული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტი. ეს არ არის ის, რასაც დემოკრატიები აკეთებენ. ასე რომ, ჩვენ იმედგაცრუებული ვართ იმის ხილვით, რაც მოხდა“, – განაცხადა მან.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებასთან დაკავშირებით კრიტიკული განცხადება გააკეთა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმაც და აღნიშნა, რომ აპირებს საქართველოს საკითხი ევროსაბჭოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში შეიტანოს.
„ევროპულმა საბჭომ დეკემბერში გადაწყვიტა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი მიენიჭებინა იმ გაგებით, რომ საქართველო შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა და საჭირო რეფორმებს განახორციელებდა. პარლამენტში „გამჭვირვალობის კანონის“ მიღება უკან გადადგმული ნაბიჯია და საქართველოს ევროკავშირის გზისგან კიდევ უფრო აშორებს", - დაწერა მიშელმა სოციალურ ქსელ Х-ში.
ქართველმა ხალხმა ნათლად აირჩია ევროკავშირში მომავალი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ამბიციებს, დასძინა მან.
„ამ მიზეზით, საქართველო ევროპული საბჭოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შევიტან“, - დაწერა მიშელმა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფინ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე.
„ქართველი ხალხის უდიდეს უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება სურს. მაგრამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი ევროკავშირის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რაც უარყოფითად აისახება საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ ყველა ვარიანტს განვიხილავთ და მთავრობას მოვუწოდებთ დაუბრუნდეს ევროკავშირისკენ მისწრაფებებს", დაწერა ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევა და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამჟამინდელი ფორმით დამტკიცება, მიუხედავად საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკისა, რადგან ის ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება, ასევე დაგმო ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩიმ.
„ამ ნაბიჯის გადადგმით საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, სამწუხაროდ, ხელიდან გაუშვეს ამ კანონის გაწვევის შანსი და შინაარსიან დიალოგში ჩართვაზე თქვეს უარი, უგულებელყვეს ვენეციის კომისიის ერთმნიშვნელოვანი რეკომენდაცია, რომლის ავტორიტეტული იურიდიული მოსაზრებები ჩვენს დემოკრატიულ სტანდარტებს ასახავს"- ნათქვამია ბურიჩის განცხადებაში.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ღრმად არის შეშფოთებული კანონის ნეგატიური ზეგავლენით ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიული შეკავებებისა და გაწონასწორების პოლიტიკაზე, რამაც, მისი თქმით, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას გარემოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
„ევროპის საბჭო რჩება ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების სრულ მხარდამჭერად", - დასძინა მან.
საქართველომ 2023 წლის დეკემბერში მიიღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.
კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.