არასამთავრობო ორგანიზაციები სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებაზე უარს აცხადებენ

© photo: Sputnik / Stringer საპროტესტო აქცია
 საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.05.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას და კანონის შეუსრულებლობისთვის ჯარიმის გადახდას.
თბილისი, 29 მაისი — Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომელთა წლიური შემოსავლის არანაკლებ 20% უცხოური დაფინანსებაა, სპეციალურ რეესტრში დარეგისტირებას და დეკლარაციის ყოველწლიურად შევსებას ავალდებულებს, დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება.

„ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და დავეხმარებით ადამიანებს და ერთმანეთს და არ დავემორჩილებით რუსულ კანონს“, - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის ვებგვერდზე გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართულ და საერთაშორისო სასამართლოებში კანონის გასაუქმებლად იბრძოლებენ.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები გეგმავენ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებლად დარეგისტრირებას და კანონის შეუსრულებლობისთვის ჯარიმის გადახდას.
სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
პლატფორმა აერთიანებს 1.620 ორგანიზაციას, მათ შორის ცნობილ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ჩართული არიან ადამიანის უფლებების დაცვასა და არჩევნებზე დაკვირვებაში. მათ შორისაა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და სხვა.
28 მაისს პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ყველა ახალი ამბავი
0