პრემიერი: უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ იმოქმედა ქართველი ხალხის ნების შესაბამისად

© photo: Sputnikირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2024
გამოწერა
კობახიძის თქმით, ასეთ პირობებში ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დღეს ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი საქართველოს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის გასამტკიცებლად, ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის მიერ სკანდალურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას.
დღეს, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია და რეზონანსული კანონი საბოლოოდ მიიღო - ვეტოს დაძლევას მხარი დაუჭირა 84 დეპუტატმა, წინააღმდეგ ხმა მისცა 4-მა დეპუტატმა.
„მინდა გამოვეხმაურო საქართველოს პარლამენტის მიერ ვეტოს დაძლევას და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საბოლოოდ მიღებას. ქვეყნის უმაღლესმა წარმომადგენლობითმა ორგანომ, რომელიც ქართველი ხალხის მიერ არის არჩეული და მხოლოდ ქართველი ხალხის წინაშე არის ანგარიშვალდებული, იმოქმედა სწორედ ქართველი ხალხის ნების შესაბამისად და შექმნა უმნიშვნელოვანესი სამართლებრივი საფუძველი", - განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
პრემიერის თქმით, აღნიშნულ კანონს ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო თავად გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ემხრობა მოსახლეობის 80%-ზე მეტი.
„საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, ვინ ვისგან ფინანსდება ამ ქვეყანაში, ვინ ატარებს უცხოური ძალის დადებით ან უარყოფით ინტერესებს საქართველოში", განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, ასეთ პირობებში ქართული საზოგადოება საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობისგან უკეთ იქნება დაცული.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
კანონი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც მას ხელს მოაწერს პარლამენტის თავმჯდომარე და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდება.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. მშვიდობიანი პროტესტი რამდენჯერმე გადაიზარდა არეულობაში - არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ბოლო მონაცემებით, ამ დროის განმავლობაში 200-მდე ადამიანი დააკავეს, მათგან ცხრა პოლიციელებზე თავდასხმის, სათვალთვალო კამერების, პოლიციის მანქანისა და პარლამენტის შესასვლელთან განთავსებული რკინის დამცავი ჯებირის მიზანმიმართული დაზიანების ბრალდებით. დანარჩენებს წვრილმანი ხულიგნობის, პოლიციის კანონიერი ბრძანების დაუმორჩილებლობის, გზების გადაკეტვისა და ქალაქის იერსახის დამახინჯებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრათ 500-დან 5 ათას ლარამდე ოდენობით.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0