„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად ემზადება
12:33 28.05.2024 (განახლებულია: 12:34 28.05.2024)
© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომათა დარბაზი
© Courtesy of Parliament of Georgia
გამოწერა
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსულ კანონპროექტზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დასაძლევად ემზადება.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა და შესაბამისად, ვეტოსაც დაძლევენ.
„რა თქმა უნდა, ჩვენ მივიღებთ ამ კანონს, დავძლევთ ვეტოს, რადგანაც ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გასამტკიცებლად. ჩვენ ვნახეთ ის ძალები, რომლებიც დღეს ჩვენს ქვეყანას ებრძვიან მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ვიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ისინი განიხილავენ საქართველოს, როგორც სამაშველო რგოლს სამხედრო კონფლიქტებში“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა.
ამასთან, მმართველი პარტიის დეპუტატ ნინო წილოსანის თქმით, ის, რაც ორშაბათს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ იკადრა, უფრო სწორედ, აკადრა საკუთარ თავს და როგორც წარმოაჩინა მთლიანად ეს პროცესი, ნათელს ჰფენს თუ რა მოტივები ამოძრავებს ამ ადამიანებს.
„გამჭვირვალობა ცუდია „რადგან“ - ეს არის მთავარი გზავნილი, რომელსაც არ აქვს შინაარსი და მიზანი, მაგრამ ჩვენ გვაქვს მკაფიო გზავნილი: საქართველოს სჭირდება გამჭვირვალობა და ქართველ ხალხს სტაბილურობა“, - აღნიშნა წილოსანმა.
ოპოზიციურ პარტია „გირჩში" მიაჩნიათ, რომ კანონმდებლები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ.
„ყოველ შემთხვევაში, ყველაფერი ამისკენ მიდის. სანამ კენჭისყრის შედეგები არ გახდება ცნობილი, ვიმედოვნებ, რომ „ქართულ ოცნებაში“ გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერზე უარს იტყვიან“, - განაცხადა დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
ამასთან, ცნობილი გახდა, რომ პლენარულ სხდომაში მონაწილეობას აპირებს ოპოზიციონერი დეპუტატების ნაწილი, რომლებმაც მანამდე ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის მუშაობას.
„ქართულმა ოცნებამ“ სამჯერ ჩამოიხსნა ნიღაბი და თქვა: „დიახ, მზად ვართ 30 ვერცხლად გავყიდოთ ქვეყანა“ - ახლაც არ ველოდები განსხვავებულ ქცევას. განსხვავებულ ქცევას და პოლიტიკურ პრაგმატიზმს უნდა ველოდოთ თავისუფალი ადამიანებისგან", - განაცხადა პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ.
სკანდალურ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემთხვევაში მიღებული იქნება კანონპროექტის პირვანდელი ვერსია - კანონი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერის და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნების შემდეგ ამოქმედდება.
ვნებათაღელვა კანონპტროექტის ირგვლივ
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დადგენილ ვადებში საფინანსო დეკლარაციის არწარდგენა ითვალისწინებს ჯარიმას 25 ათასი ლარის ოდენობით.
კანონპროექტის თანახმად, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის" გამოსავლენად იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.
მონიტორინგის განსახორციელებლად იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილი პირს ექნება უფლება მოიძიოს პერსონალური მონაცემები და საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია, გარდა სახელმწიფო საიდუმლოებისა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.