მერია: დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემა მოეწყობა

© photo: Sputnikნაგავსაყრელი
ნაგავსაყრელი - Sputnik საქართველო, 1920, 28.05.2024
გამოწერა
დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს, აცხადებენ თბილისის მერიაში.
თბილისი, 28 მაისი — Sputnik. დიდ ლილოში არსებულ საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის მოწყობა იგეგმება, რომლის ჯამური ღირებულებაც 20 მილიონ ევროს შეადგენს, იუწყება თბილისის მერია.
პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების ხელშეკრულებას დღეს ხელი მოაწერეს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა დავით ფაჩულიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) კავკასიის რეგიონულმა დირექტორმა ალკის დრაკინოსმა.
სამუშაოების განსახორციელებლად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის EBRD-ის მიერ გამოიყოფა სესხი 16 მლნ ევროს ოდენობით, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო რეგიონული ფონდის (E5P) მიერ გრანტი - 4 მლნ ევროს ოდენობით.
„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს დიდი ლილოს ნარჩენების პოლიგონზე გაზშემკრები სისტემის შექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მხარდამჭერი ამ პროცესში არის ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, რომელიც აქტიურად გვეხმარება როგორც სტრატეგიის დაწერაში, ისე მის იმპლემენტაციაში. უკვე მალე დაიწყება ამ პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები“, - განაცხადა ბასილაიამ.
მისი თქმით, დედაქალაქში დაწყებულია ნარჩენების მართვის რეფორმა, რომელიც ძალიან ბევრ კომპონენტს მოიცავს.
მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტი მოიცავს ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების საბოლოო გადახურვას, უკვე მოქმედი თუ დახურული უჯრედებიდან წარმოქმნილი გაზის შეგროვებასა და შემდგომ უტილიზაციას. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ცილინდრული ტიპის დანადგარები საპრესი მოწყობილობით, რაც საგრძნობლად დააჩქარებს და ოპტიმალურს გახდის ნარჩენის გადატვირთვის პროცესს, გაზრდის ნარჩენების გადაზიდვის ეფექტიანობას და შეამცირებს სუნს.
„დღეს ხელი მოვაწერეთ თბილისის გაზშემკრები პროექტის მხარდაჭერისა და განხორციელების შეთანხმებას. პროექტი ითვალისწინებს ლილოს ნაგავსაყრელზე ეკოლოგიური პრობლემის მოგვარებას, ნარჩენების განსათავსებელი უჯრედების გადახურვას და მიღებული გაზისგან ელექტროენერგიის მიღებას. როგორც მოგეხსენებათ, ამ პროექტს „თბილსერვის ჯგუფი“ განახორციელებს“, - განაცხადა ალკის დრაკინოსმა.
შესაბამისი ტენდერის საფუძველზე მოხდება საერთაშორისო კონსულტანტების შერჩევა, რომლებიც ბანკთან და „თბისლერვის ჯგუფთან“ ერთად შეიმუშავებენ სატენდერო დოკუმენტაციას. მომდევნო ეტაპზე კი, საერთაშორისო წესებისა და პირობების დაცვით, საპროექტო და სამშენებლო ტენდერი გამოცხადდება. ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება მომავალი წლის განმავლობაშია დაგეგმილი.
მერიაში ფიქრობენ, რომ აღნიშნული სამუშაოებით დიდი ლილოს დასახლებაში გარემოს დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება და ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემების დიდი ნაწილი მოგვარდება.
თბილისში ყოველდღიურად ათასობით ტონა ნარჩენი მიაქვთ მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ერთადერთ პოლიგონზე, რომელიც დიდ ლილოსთან მდებარეობს, რომელმაც ფუნქციონირება 2010 წელს დაიწყო, გლდანში არსებული ნაგავსაყრელის დახურვის შემდეგ.
მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ნაგავსაყრელის არსებობა არაერთხელ გამხდარა ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტის მიზეზი. მათ არაერთხელ მოაწყვეს პიკეტები და გადაკეტეს გზა ნაგვის მანქანებისთვის და ნაგავსაყრელამდე არ უშვებდნენ. ქალაქის ხელმძღვანელობამ პირობა დადო, რომ პრობლემას მოაგვარებდა და ნაგავსაყრელისთვის ახალ ადგილს მოძებნიდა.
ყველა ახალი ამბავი
0