თურნავა: საქართველოს ეკონომიკა აგრძელებს ზრდას

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2024
გამოწერა
არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი ნეგატიურ დინამიკას განიცდის, განაცადა მარეგულირებელმა
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. ძლიერი ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელსაც გაგრძელდება, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე წლიურ ანგარიშის წარდგენისას.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11% იყო, ხოლო 2023 წელს - 7,5%.
„ძლიერი ეკონომიკური ზრდა 2024 წელსაც გრძელდება და 2024 წლის პირველი სამი თვის საშუალო ეკონომიკური ზრდა 7,8%-ია", - განაცხადა თურნავამ.
მარეგულირებლის თქმით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები ძლიერია. 2023 წელს საქართველოს რეალური მშპ, წინასწარი მონაცემებით, 7,5%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვანია, რომ ზრდის მთავარი მამოძრავებელი ინვესტიციები იყო. კერძოდ, ეკონომიკურ ზრდაში ინვესტიციების წილმა 5,4% შეადგინა.
„ამავდროულად, 2023 წელს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 4,3% შეადგინა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია. სახეზე გვაქვს ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებაც", - აღნიშნა თურნავამ.
მისი თქმით, არსებული ძლიერი მაკროეკონომიკური ფუნდამენტებისა და ტენდენციების ფონზე, გაცვლითი კურსი მყარდებოდა და გამყარებულ პოზიციას ინარჩუნებს.
„2023 წელს რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი 2,1%-ით, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი კი 14,8%-ით გამყარდა, რამაც ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ინფლაციის შემცირებაში", - განაცხადა თურნავამ.
როგორც მარეგულრებელმა აღნიშნა, არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რომელიმე ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორი ნეგატიურ დინამიკას განიცდის.
„აქედან გამომდინარე, ის მოკლევადიანი ცვლილება გამოწვეულია ხელოვნური აჟიოტაჟით, ნეგატიური მოლოდინებით, ქმნის არასტაბილურობის განცდას, აჟიოტაჟს ბაზარზე, რაზეც რეაგირებენ ბაზრის აქტორები, მაგრამ ვინაიდან ამას არ უდგას უკან არც ერთი ფუნდამენტური ფაქტორი, არც ეკონომიკური და არც სავალუტო შემოდინებების თვალსაზრისით, აქედან გამომდინარე მოგახსენებთ, რომ ეს არის მოკლევადიანი ეფექტი“, - განაცხადა თურნავამ.
გასულ კვირაში ლარის 2,7585 GEL/$1 ნიშნულამდე მკვეთრი ვარდნის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო აჟიტირებული მოთხოვნით, კვირის შუა რიცხვებისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდა და 2,7259 GEL/$1-ს მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0