„ლოკალური ომის ქარტია" - მმართველ პარტიაში პრეზიდენტის წინადადება შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2024
გამოწერა
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს მის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერა შესთავაზა.
თბილისი, 27 მაისი— Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა „ქართული ქარტია“, არამედ „ლოკალური ომის ქარტია“, სადაც ამომრჩევლები თითქოს ხმას აძლევენ ევროპას, რეალურად კი „ნაციონალურ მოძრაობას“, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარტიებს მის მიერ შედგენილ „ქართულ ქარტიაზე" ხელმოწერა შესთავაზა. ქარტიის თანახმად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანაში კომპლექსური რეფორმები უნდა გატარდეს, რომელსაც მის მიერ დაკომპლექტებული მთავრობა განახორციელებს. ამის შემდეგ, პრეზიდენტის აზრით, აუცილებელია საქართველოში მორიგი, ამჯერად ვადამდელი არჩევნების ჩატარება. პრეზიდენტი მოუწოდებს პარტიებს 1 ივნისამდე მიიღონ გადაწყვეტილება დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ.
„მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა „ნაცებს" უნდა მიცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას მისცემს „ნაცებს", ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს", - განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქარტიის თანახმად, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში „ნაცმოძრაობა" თითქოს ერთი წლის განმავლობაში განახორციელებს რეალურ ევროპულ და დემოკრატიულ რეფორმებს, შემდეგ კი უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს ჩაატარებს და უწყებებს მტრებისგან გაათავისუფლებს.
„გეგმა კი, თავის მხრივ, ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს. წარმოუდგენელია ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში”, - დაწერა მდინარაძემ.
„ქართული ქარტია“ პრეზიდენტ ზურაბიშვილისგან
როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, „ქართული ქარტია" ასახავს საზოგადოების დაკვეთას და მოთხოვნებს. იგი თავისი არსით და სულისკვეთებით ასევე ემსახურება იმ მთავარი ნაბიჯების გადადგმას, რომელთაც დღეს საზოგადოებისთვის აქვს ეგზისტენციალური მნიშვნელობა და ეხმიანება იმ რეკომენდაციებს, რომლებიც საქართველომ უნდა შეასრულოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად.
ქარტიის ძირითადი პუნქტები:
1. ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმება: დაუყოვნებლივ გაუქმდება ყველა კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ გზას და ევროპულ რეკომენდაციებს, კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი.
ასევე გაუქმდება 2024 წლის პროტესტში მონაწილე დემონსტრანტების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები და გამოცხადდება ამნისტია.
2. მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლება და ნდობის აღდგენა: მოსამართლეთა კეთილისინდისიერების, დაუსაბუთებელი ქონების წარმომავლობის შემოწმების გზით კლანური მმართველობის გათავისუფლება. შემოწმება შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, უზენაესი სასამართლოს ყველა წევრს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეებს.
გარდა ამისა, განხორციელდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რადიკალური რეფორმა, რომელსაც ჩამოერთმევა ჭარბი უფლებამოსილება.
3. რეფორმების სხვა პრიორიტეტული ნაბიჯები შეეხება პროკურატურას, სუს-ს და შსს-ს. თითოეული უწყების საქმიანობაზე დამყარდება ეფექტური საპარლამენტო კონტროლი, რომელიც დაიცავს მათ პოლიტიკური გავლენებისაგან. რეფორმები შეეხება ეროვნულ ბანკსაც, სადაც გაიზრდება დირექტორთა საბჭოს წევრთა რაოდენობა და ბალანსი აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრებს შორის.
4. საარჩევნო სისტემის გაჯანსაღება: სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების ჩატარებისთვის შიქმნება სათანადო პირობები - დაიხვეწება ცესკოს თავმჯდომარის არჩევის და ცესკოს დაკომპლექტების წესი, დაიწევა ბარიერი, აღდგება ბლოკების შექმნის შესაძლებლობა, გადაიხედება პარტიების დაფინანსების წესი, დიასპორას მიეცემა არჩვენებში შეუფერხებლად მონაწილეობის შესაძლებლობა.
მთავრობა, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოვა ხელისუფლებაში, ჩამოყალიბდება არა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან, არამედ „პროფესიონალიზმით გამორჩეული ადამიანებისგან“, რომლებსაც თავად პრეზიდენტი დაამტკიცებს. ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ პარლამენტს მოუწევს ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ყველა ახალი ამბავი
0