პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია პარლამენტთან
საპროტესტო აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 27.05.2024
გამოწერა
მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ სკანდალური კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა.
თბილისი, 27 მაისი — Sputnik. 27 მაისის 09:30 საათიდან საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონეზე იმოქმედებს, ნათქვამია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს, 27 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის საკითხის განხილვა იგეგმება - კომიტეტი ერთი მოსმენით განიხილავს როგორც არსებულ კანონპროექტს, ისე მოტივირებულ შენიშვნებს.
მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა. მმართველმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულმა საქართველომ" უკვე განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, რადგანაც იგი ერთადერთი შანსია ქვეყანაში დაძაბულობის განსამუხტად.
სკანდალური პროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები თბილისსა და რეგიონებში 15 აპრილიდან მიმდინარეობს. „ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0