უახლოესმა მეზობლებმა საქართველოს მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სხვადასხვა სახელმწიფოს ლიდერთან ერთად მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. უახლოესმა მეზობლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს და მშვიდობა და კეთილდღეობა უსურვეს - აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით პრემიერ ირაკლი კობახიძეს მისალოცი წერილები გაუგზავნეს.
აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობა გამოხატავს ორი ხალხის ნებას, რომელთაც მრავალი წელია მეგობრობა და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს, აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
„ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, მეგობარი საქართველოს ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თქვენ და მთელ თქვენს ხალხს გულწრფელ მილოცვას გადმოვცემ. აზერბაიჯანისა და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ჩვენი მეგობარი ხალხების ურყევ ნებასა და სულს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ მეგობრული კეთილმეზობლობისა და ურთიერთგაგების პირობებში”, - ნათქვამია წერილში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, სასიხარულოა, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფოთაშორისმა ურთიერთობებმა ახალი განზომილება მიიღო, რომ ურთიერთნდობასა და მხარდაჭერაზე დაფუძნებული პარტნიორობა წარმატებულად ვითარდება და ახალი შინაარსით მდიდრდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის, ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის გავაგრძელებთ ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას ყველა სფეროში, ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაფართოების, ჩვენი ერთობლივი ინიციატივების რეალიზების, ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების მიმართულებით. ამ დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებას საქმეში, მშვიდობას და კეთილდღეობას მეგობარ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის წერილში.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმაც მიულოცა.
როგორც წერილშია აღნიშნული, დამოუკიდებლობის მოპოვების მომენტიდან მეგობარ საქართველოსთან ყველა სფეროში თანამშრომლობის განვითარება იყო სომხეთის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. ამასთან დაკავშირებით საკვანძო მნიშვნელობა აქვს მიმდინარე წელს სომხეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის ხელმოწერას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობების ერთობლივი და თანმიმდევრული მუშაობის შედეგად, ჩვენ შევძლებთ ამ ბაზის სრულად გამოყენებას ჩვენს სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაფართოებისთვის”, -აღნიშნულია წერილში.
სომხეთის პრემიერი ხაზს უსვამს ერევანში მიმდინარე წლის მარტში გამართული ნაყოფიერი დისკუსიების მნიშვნელობას ორმხრივ და რეგიონულ საკითხებზე.
„ცივილიზაციურ ერთიანობასა და ჩვენს საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული სომხეთისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ხელს შეუწყობს ჩვენი ორი სახელმწიფოსა და რეგიონის სტაბილურობას. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებ მეგობარ საქართველოს მშვიდობას, კეთილდღეობას და ახალ მიღწევებს", - ნათქვამია ფაშინიანის მისალოც წერილში.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა თავისი მილოცვები გამოგზავნეს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
ყველა ახალი ამბავი
0