სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს

© photo: Sputnik / Stringerდამოუკიდებლობის დღე
დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
თბილისი, 26 მაისი – Sputnik. სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა თავიანთ ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს.
მისალოცი წერილები ქართული საგარეო უწყების ხელმძღვანელს გამოუგზავნეს პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვას, ისრაელის, ლატვიის, უკრაინის, სერბეთის, სომხეთის, სლოვენიის, ჩინეთის, ინდოეთის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.
„გულთბილად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. დაე, კიდევ უფრო განმტკიცდეს ჩვენი ხალხების ძმური კავშირები და ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა, რაც სომხეთს, საქართველოსა და სამხრეთ კავკასიას კეთილდღეობას მოუტანს“, – აღნიშნულია სომხეთის საგარეო უწყების წერილში.
რუმინეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს და მზად არის განავითაროს ჩვენი ორმხრივი სტრატეგიული პარტნიორობა, ნათქვამია რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„რუმინეთი ადასტურებს მხარდაჭერას საქართველოსა და მისი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ. ფუნდამენტური ღირებულებებისა და რეფორმებისადმი ერთგულება მთავარია“, - აღნიშულია მილოცვის ტექსტში.
საქართველოს მთავრობასა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ლატვია ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და მშვიდობისა და კეთილდღეობის საუკეთესო სურვილებს გადასცემს. ლატვია ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას ევროპული გზისადმი, რომელიც საქართველოს მოსახლეობამ აირჩია”, – ნათქვამია უწყების მილოცვის ტექსტში.
ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„უთბილესი მილოცვა საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს! ვიცავთ საერთო ღირებულებებს - თავისუფლებას, დემოკრატიას და მშვიდობიან ევროპულ მომავალს. საქართველოს ვუსურვებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ერთიანობასა და კეთილდღეობას! საქართველოს გაუმარჯოს!", - ნათქვამია მილოცვის ტექსტში.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0