სამხედრო ფიცი, გამოფენები, ჰიმნი - საქართველოს მასშტაბით დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება
გამოწერა
წლების მანძილზე დამოუკიდებლობის დღეს საქართველოში აღლუმით აღნიშნავდნენ, თუმცა შემდეგ ხელისუფლებამ უარი თქვა ამ ტრადიციაზე და ძირითადი აქცენტი სახალხო დღესასწაულზე გაკეთდა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა რეკრუტებისა და ახალწვეულთა სამხედრო ფიცის დადების ცერემონიით დაიწყება, რომელიც მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
448 სამხედრო დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო ფიცს ექვს ლოკაციაზე - თავისუფლების მოედანზე, ბეთანიის მამათა მონასტრის, დიდგორის მონუმენტის, კაცხის მამათა მონასტრის, გერგეტის სამების მამათა მონასტრისა და სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე ერთდროულად დადებს და წარმოთქვამს ფიცის ტექსტს, რომელიც საწყისი საბრძოლო მომზადების შემდეგ მათ უკვე ოფიციალურად, საქართველოს თავდაცვის ძალების ნაწილად აქცევს.
გარდა ამისა, საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, დედაქალაქსა და18 ქალაქში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყობა. თბილისში, გორში, ახალციხეში, მცხეთაში, რუსთავში, სტეფანწმინდაში, ქუთაისში, ზუგდიდში, სენაკში, ოზურგეთში, ფოთში, ხონში, მესტიაში, ამბროლაურში, სამტრედიაში, ბათუმში, თელავში, ახალქალაქსა და მარნეულში მოქალაქეებს თავდაცვის ძალებში არსებული სამხედრო ჯავშანტექნიკის, საინჟინრო საშუალებების, არტილერიის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის დათვალიერების შესაძლებლობა ექნებათ.
ფიცის დადების ცერემონიას ტრადიციულად დაესწრება და დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თავისუფლების მოედანზე განთავსდება საქართველოს თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობა ყველა სტრუქტურული ერთეულიდან. სამხედროები მოედანზე მარშირებით შევლენ და კოლონებად განთავსდებიან. აქვე წარმოდგენილი იქნება ჯავშანმანქანები, სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა.
სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც გმირთა მოედანს გადაუფრენენ, ტრადიციულად ცაზე ზოლებად დატოვებენ თეთრ და წითელ ფერებს, რაც ეროვნული დროშის გამომსახველი იქნება. დროშას საზეიმოდ აღმართავენ მოედანზეც სწორედ იმ დროს, ვიდრე ფიცის დადების ცერემონია დაიწყება. დამოუკიდებლობის დღის ღონისძიების სამხედრო კომპონენტს ჯარისკაცის მრწამსის ტექსტის წარმოთქმა დახურავს.
ამის შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სადღესასწაულო ღონისძიებები დაიწყება. რეგიონებში მათ სხვადასხვა სამთავრობო უწყებები გამართავენ, რომლებიც თავიანთ უნიკალურ ღონისძიებებს წარმოადგენენ.
17:10 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს შეასრულებს 300 ბავშვი, რომელთა შორის იქნებიან საზღვარგარეთ მოქმედი ქართული სათვისტომო სკოლების მოსწავლეები.
საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ სულ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.