საქართველოს პრეზიდენტმა მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის, განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზეიმო ღონისძიების სტუმრებს, სამხედრო მოსამსახურეებს და ქვეყნის მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
თბილისის ცენტრში, თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი წუთიერი დუმილით და ახალწვეულთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიით დაიწყო, რომელიც თბილისსა და კიდევ ხუთ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა - მცხეთაში (სამთავროს მონასტერი), დიდგორი, ბეთანიის მონასტერი, სტეფანწმინდა (გერგეტის სამება ) და იმერეთი (კაცხის სვეტი).
„მოგმართავთ თქვენ, საქართველოს ჯარისკაცებო, თქვენი უმაღლესი მთავარსარდალი, ვინც იცავთ საქართველოს და მის დამოუკიდებლობას. მოგმართავთ თქვენ, ვინც დღეს დებთ ფიცს და მზად ხართ, ემსახუროთ საქართველოს. გამარჯვებული და დაუმარცხებელია ერი, რომელიც ამდენი საუკუნის შემდეგ, ამდენი ომისა და დაპყრობის მცდელობის შემდეგ, დღეს დგას თავისუფალი, ამაყი და უდრეკი. ეს თქვენი დამსახურებაა და ჩვენი საერთო მონაპოვარია. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ და არ ვუღალატებთ იმ ადამიანებს, იმ გმირებსა თუ უცნობ ჯარისკაცებს, ვინც თავი შესწირა სამშობლოს და მის დამოუკიდებლობას", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, წინაპრები ძალ-ღონეს არ იშურებდნენ, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანა ყოფილიყო.
„ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემს ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და მისი ევროპული მომავლისათვის. ჩვენი მუდმივი პასუხისმგებლობაა, რომ მათ მიერ მოპოვებულ და გადმოცემულ საგანძურს, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს გავუფრთხილდეთ და არავის დავუთმოთ. მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს, ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
თბილისში საზეიმო ღონისძიებების გახსნის ცერემონიას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი, მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, საპატრიარქოს წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები.
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება.
ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენა 1991 წელს მოხერხდა. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
მთელი საქართველოს მასშტაბით ზუსტად 17:10 საათზე, როდესაც ნოე ჟორდანიამ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა, შესრულდება სახელმწიფო ჰიმნი.
დღეს თავისუფლების მოედანსა და რუსთაველის გამზირზე თბილისელებისა და დედაქალაქის სტუმრებისთვის გასართობი სპეციალური ზონებია მოწყობილი. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაათვალიერონ გამოფენები, მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა ღონისძიებებში. ცალკე მოეწყობა ქართული ღვინის კუთხე და ღია კაფეები. გაიმართება გასტრონომიული ფესტივალი, თეატრალური წარმოდგენები და ეროვნული ანსამბლების კონცერტები.
დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა სიმბოლურად პირველი რესპუბლიკის მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდება.
ყველა ახალი ამბავი
0