26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშივაშინგტონი
ვაშინგტონი - Sputnik საქართველო, 1920, 26.05.2024
გამოწერა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
თბილისი, 26 მაისი — Sputnik. ვაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა გაავრცელა.
„აშშ-ის დედაქალაქის ვაშინგტონის მერი, მარიელ ბაუზერი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა”, -დაწერა ზალკალიანმა.
საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ქვეყნის ყველაზე მთავარი დღესასწაულია, რომელიც აერთიანებს მის ყველა მცხოვრებს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური და პარტიული კუთვნილებისა.
26 მაისი ისტორიული თარიღია — ამ დღეს 1918 წელს საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა. პირველმა დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ მხოლოდ ორ-ნახევარი წელი იარსება. 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზვიად გამსახურდიამ ერთიანი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოაცხადა.
წელს დამოუკიდებლობის დღის მთავარი სლოგანია „რაც გვეამაყება და გვაერთიანებს“.
საქართველოს პირველ პირებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებმა თავისი მილოცვები გამოუგზავნეს, ხოლო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის პატივსაცემად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ღირსშესანიშნაობები საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მთელი დღის განმავლობაში იმართება.
26 მაისის საზეიმო ღონისძიებებს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს - კონცერტის წლევანდელი პროგრამა სრულად ფოლკლორს ეთმობა და მასში საქართველოს ყველა კუთხის ფოლკლორული ანსამბლების 1000-მდე წარმომადგენელი მონაწილეობს.
ყველა ახალი ამბავი
0