მუქარის შემცველი ზარები აქციების მონაწილეთა მისამართით: საქმე პროკურატურას გადაეცა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 25.05.2024
გამოწერა
პერსონალურ მონაცემთა სამსახურში განაცხადეს, რომ გამოძიება სცილდება მათ კომპეტენციას და ყველა შეგროვებული მონაცემი პროკურატურას გადაეცა.
თბილისი, 24 მაისი– Sputnik. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების მხარდამჭერთა მისამართით მუქარის შემცველი ზარების საქმე პროკურატურას გადასცა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო მუქარების შემცველი ზარების შესწავლა, რომლებიც გამჭვირვალობის კანონის მოწინააღმდეგეთა ტელეფონებზე განხორციელდა.
„რამდენადაც მითითებულ პროცესში მოქალაქეებთან სატელეფონო ზარების განხორციელება ერთგვაროვანი მეთოდის (ე.წ. Caller ID Spoofing) გამოყენების, სიხშირისა და მასშტაბურობის გათვალისწინებით ატარებს წინასწარ განსაზღვრულ და ორგანიზებულ ხასიათს, ამასთან, ძირითად შემთხვევაში, სატელეფონო ზარების შინაარსი იყო მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი, მიემართებოდა მოქალაქეების, მათ შორის, არასრულწლოვანების დაშინების მცდელობას, ხოლო, დასახელებული საკითხის შესწავლა, დანაშაულის ნიშნების არსებობის გათვალისწინებით, სცდება სამსახურის კომპეტენციის ფარგლებს, სამსახურმა მითითებულ საკითხთან მიმართებით მიღებული ყველა განცხადება და შეტყობინება, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, რეაგირებისა და გამოძიების დაწყების საკითხის გადაწყვეტის მიზნით გადაუგზავნა საქართველოს პროკურატურას“, - ნათქვამია განცხადებაში.
რა დაადგინა სამსახურმა
პერსონალურ მონაცემთა სამსახურმა მობილური კავშირის სამი ოპერატორი და მათი ტექნიკური ინფრასტრუქტურა შეამოწმა.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინფორმაციით, უცხო სატელეფონო ნომრების ძირითადი ნაწილი, რომლებიდანაც მოქალაქეებთან ზარები განხორციელდა, არ არის კონკრეტულ პირებზე რეგისტრირებული და სატელეფონო ნომრები არააქტიურია. შესაბამისად, როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებისთვის უცნობია არააქტიური სატელეფონო ნომრებიდან ზარის განმახორციელებლის ვინაობის და მისი დემოგრაფიული მონაცემების, მათ შორის, ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
გარდა ამისა, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ რამდენიმე შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ნომერი იყო რეგისტრირებული კონკრეტულ მფლობელზე, ამონაწერში ამ ნომრიდან განხორციელებული ზარები არ ფიქსირდება.
„შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ დასახელებული შემთხვევები წარმოადგენს ზარის განმახორციელებლის იდენტიფიკატორის გაყალბებას (ე.წ. Caller ID Spoofing), რომელიც ხორციელდება შემდეგნაირად: ზარის განმახორციელებელი ადრესატთან ზარს ახორციელებს რეალური ნომრის გამოყენებით, სპეციალური ინფრასტრუქტურის გავლით, რა დროსაც ზარის განმახორციელებლის რეალური ნომერი იცვლება არარსებული ან/და მითვისებული ნომრით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ამგვარად, სამსახურის მონაცემებით, მობილური ოპერატორები დამრეკავის და ტელეფონის ნომრის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებენ.
სამსახურში აღნიშნეს, რომ ანალოგიური პროცესი იკვეთება უცხო ქვეყნების, მათ შორის, აზერბაიჯანული სატელეფონო ნომრებიდან განხორციელებულ სატელეფონო ზარებთან მიმართებითაც. ერთ-ერთი მობილური ოპერატორის მონაცემებით, ზარი ოთხასზე მეტ აბონენტთან განხორციელდა.
„ერთ-ერთი ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, მის ქსელში ჩართულ აბონენტებთან, ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანული ნომრებიდან ხორციელდებოდა დიდი რაოდენობის სატელეფონო ზარები, რაც, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მოქმედი მობილური ოპერატორისგან მისთვის მიწოდებული ინფორმაციით, არ ხდებოდა მათი ქსელის გავლით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0