შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა - ბლინკენის განცხადებას „ქართული ოცნების“ ლიდერი გამოეხმაურა

© photo: Sputnik / Maksim Blinov / გადასვლა მედიაბანკშიაშს-ის დროშა
აშს-ის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
დეპუტატის აზრით, უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეული დეპუტატის დასანქცირება თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. გრძელდება შანტაჟისა და მუქარის პოლიტიკა, რომ საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს, წერს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი, დეპუტატი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების საპასუხოდ სავიზო შეზღუდვების პოლიტიკას შემოიღებს იმ პირების და მათი ოჯახის წევრების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოს დემოკრატიის ძირის გამოთხრაში, აგრეთვე მან განაცხადა საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობის ძირეულ გადახედვაზე.
„გრძელდება შანტაჟის და მუქარის პოლიტიკა იმისთვის, რომ, საქართველომ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოს. დახარჯული ასეულობით მილიონის მიუხედავად კი, აგენტურა იმდენად უსუსურია, რომ მხოლოდ გარე აქტორების მოქმედებების იმედზე რჩება და ხარობს“, - დაწერა მდინარაძემ.
მისი თქმით, უპრეცედენტო და ამავდროულად კომიკურია, ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს თავისი შეხედულებისამებრ კანონის მიღებისთვის სანქციას უწესებდე. ოჯახის წევრებზე პასუხისმგებლობის გადანაწილებაზე საბჭოთა კავშირმაც კი უარი თქვა მის დაშლამდე რამდენიმე ათეული წლით ადრე, აღნიშნა მან.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა არანაირ ვიზაზე არ იყიდება. დამოუკიდებლობისთვის სიკვდილზეც კი წასულან ქართველები. როგორც ჩანს, აღნიშნა მდინარაძემ, უცხოეთში ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, ვინ არიან ქართველები.
„ქართველები, რომლებიც არასდროს დავთმობთ საკუთარ მამულს, ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს, ღირსებას, სამართლიანობას და ასე გავხდებით ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები!“ - დაწერა მდინარაძემ.
საბოლოო ჯამში ყველას მოუწევს ელაპარაკოს ქართველ ხალხს და მის მიერ არჩეულ, და არა გარედან დანიშნულ ხელისუფლებას, აღნიშნა მდინარაძემ.
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა სანქციების შემოღება დააანონსა იმ კანონის მხარდაჭერისთვის, რომელიც ბევრად უფრო ლოიალურია, ვიდრე აშშ-შია.
მან დასძინა, რომ საფრანგეთის სენატმა მიიღო კანონი საგარეო ჩარევის აღკვეთის შესახებ და, გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი კანონპროექტი ინიცირებულია ნატოს წევრ თურქეთშიც.
მდინარაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა სკანდალურ სატელეფონო საუბარზე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შორის.
ხუთშაბათს კობახიძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთი ევროკომისარი მას სატელეფონო საუბრის დროს დაემუქრა. პრემიერის თქმით, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
ოლივერ ვარჰეიმ მალევე გააკეთა განცხადება და განმარტა რას გულისხმობდა, როდესაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიცოზე თავდასხმის შესახებ შეახსენა. მან აღნიშნა, რომ სატელეფონო საუბრის კონკრეტული ნაწილი კონტექსტიდან იქნა ამოღებული, ხოლო კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა თბილისის ქუჩებში არაკონტროლირებადი პროცესები გამოიწვიოს.
აშშ საქართველოსთვის ახალი სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის განხორციელებას იწყებს>>
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის მკვლელობის მცდელობა, რომელიც არაერთხელ გამოსულა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისა და ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგ, მოხდა 15 მაისს, ქალაქ განდლოვაში მთავრობის გასვლითი სხდომის შემდეგ. თავდასხმის შემდეგ ფიცო ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. შსს-ს ცნობით, თავდამსხმელი 71 წლის მწერალი იურაი ცინტულა პოლიტიკური მოტივით ხელმძღვანელობდა. თავდამსხმელი დანაშაულის ადგილზევე დააკავეს. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო არ გამორიცხავს, რომ მსროლელს თანამზრახველები ჰყავდა.
საქართველოში კი 15 აპრილიდან მიმდინარეობს აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ. რამდენჯერმე აქციები არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ ძალა გამოიყენა.
ვნებათაღელვა კანონპროექტის ირგვლივ
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
ყველა ახალი ამბავი
0