პარლამენტი „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვას 27 მაისს დაუბრუნდება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს პარლამენტი
საქართველოს პარლამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.05.2024
გამოწერა
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ კანონპროექტის გაუმჯობესება შეუძლებელია
თბილისი, 24 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევის საკითხს 27 მაისს სხდომაზე განიხილავს.
18 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს. ამის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ კანონპროექტის ირგვლივ დისკუსიის თემა დაიხურა.
იურიდიული კომიტეტი 27 მაისს ერთი მოსმენით განიხილავს როგორც არსებულ კანონპროექტს, ისე მოტივირებულ შენიშვნებს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
გარდა ამისა, კანონპროექტთან დაკავშირებით თავისი შენიშვნები ვენეციის კომისიამ გამოთქვა. კომისიის რეკომენდაციაა საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ამჟამინდელი ფორმით მიღებაზე შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებისთვის მისი გარდაუვალი ნეგატიური შედეგების გამო. ამასთან, ვენეციის კომისიამ წუხილი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა მის დასკვნას და კანონპროექტი სამი მოსმენით მიიღო.
კომისიის აზრით, კანონი, რომელიც თითქოს გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად არის მიმართული, ობიექტურად იწვევს იმ გაერთიანებებისა და მედიების სტიგმატიზაციას, ჩახშობას და საბოლოოდ ლიკვიდაციას, რომლებიც თავიანთი სახსრების თუნდაც მცირე ნაწილს უცხოეთიდან იღებენ.
ვენეციის კომისიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა უკვე შეიცავს დებულებებს, რომლებიც აკისრებს არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიებს რეგისტრაციას და ანგარიშვალდებულებას, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ.
კომისიის განცხადებით, თუ არსებული დებულებები არასაკმარისი აღმოჩნდა, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განიხილოს არსებულ კანონებში ცვლილების შეტანის შესაძლებლობა ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია არის:
არაკომერციული იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ და არ არის სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება;
მაუწყებელი;
იურიდიული პირი, რომელიც ბეჭდურ მედიასაშუალებას ფლობს;
იურიდიული პირი, რომელიც ფლობს ან იყენებს ქართულ დომენს ან/და ჰოსტინგს ინტერნეტში მასობრივი ინფორმაციის ქართულ ენაზე გასავრცელებლად, თუ მათი წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო „უცხოური ძალაა”.
უცხოური ძალა არის:
უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
ორგანიზაციული წარმონაქმნი ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.
ყველა ახალი ამბავი
0