თალაკვაძე: დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც

© photo: Sputnik / Stringerარჩილ თალაკვაძე
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 21.05.2024
გამოწერა
პოლიტიკოსის თქმით, პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას.
თბილისი, 21 მაისი — Sputnik. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ ადგილას მდებარეობს, ამიტომ ქვეყანას სჭირდება ისეთივე დაცვის მექანიზმები, როგორიც ევროკავშირის ქვეყნებს, სადაც მოქმედებს კანონები უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ერთ-ერთმა ვიცე-სპიკერმა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერი არჩილ თალაკვაძე.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები. პრეზიდენტმა სკანდალურ კანონპროექტს 18 მაისს ვეტო დაადო და პარლამენტს დაუბრუნა.
„ჩვენი ქვეყანა ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ ლოკაციაში მდებარეობს, ამიტომ ჩვენ ამ გამოწვევებს შესაბამისად ვპასუხობთ. პარლამენტმა მიიღო გამჭვირვალობის შესახებ ისეთი რეგულაციები, როგორიც აქვს ევროკავშირის 15 ქვეყანას. ვგულისხმობ გამჭვირვალობის რეესტრებს. დაცვის მექანიზმები, რომელიც სჭირდება ევროპას, სჭირდება ევროკავშირს, სჭირდება საქართველოსაც", - განაცხადა თალაკვაძემ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0