ზურაბიშვილმა დისკუსიისთვის სივრცე ჩაკეტა: პრემიერი პრეზიდენტის ვეტოზე
© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
© Сourtesy of Georgian Government
გამოწერა
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე ვეტოს დადებით დისკუსიისთვის ყველა სივრცე ჩაკეტა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო რეზონანსული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
18 მაისს კი პრეზიდენტმა სკანდალურ კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია. კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული შენიშვნები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო ამ კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის. ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ყველანაირი სივრცე ჩაიკეტა, სამწუხაროდ, ჯანსაღი დისკუსიისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სოციოლოგიური კვლევის თანახმად, აღნიშნულ კანონს ქვეყნის მოსახლეობის 60%-ზე მეტი უჭერს მხარს, ხოლო თავად გამჭვირვალობის იდეას და არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას ემხრობა მოსახლეობის 80%-ზე მეტი.
„შესაბამისად, მოსახლეობის უმრავლესობის საღმა აზრმა აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს, ეს ჩემი პირადი აზრია", - აღნიშნა პრემიერმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კანონის მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ ოპონენტები დისკუსიას მაქსიმალურად გაურბიან.
„თქვენ გახსოვთ, რომ როდესაც პარლამენტში მიმდინარეობდა დისკუსია, დებატები კანონთან დაკავშირებით, ოპონენტები ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ჯანსაღი დისკუსია არ შემდგარიყო. ასევე, პირადად შევთავაზე დიპლომატებს მონაწილეობა მიეღოთ ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში, თუმცა სამწუხაროდ, არავითარი გამოხმაურება არ იყო“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერმა ასევე განაცხადა, რომ მან პირდაპირი ეთერის ფორმატში დისკუსიაში მონაწილეობა შესთავაზა ახალგაზრდებსაც, თუმცა, იმავე წამს, კობახიძის თქმით, დაიწყო „რადიკალების“ მხრიდან ახალგაზრდების ბულინგი.
„ქართული ოცნების“ ლიდერები ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელო საქართველოსთვის“, ასევე საქართველოს ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელს“, „დროას“, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ და „რადიკალურ ოპოზიციად" მოიხსენიებენ.
„ასეთ პირობებში ვერც ერთმა ჯგუფმა ვერ გაბედა მონაწილეობის მიღება საჯარო განხილვაში, რაც ძალზე სამწუხაროა. ჩემი წინადადება კვლავ ძალაშია და იმედი მაქვს, რომ ერთი ჯგუფი მაინც შეძლებს ბულინგს თავი დააღწიოს და ამ კანონპროექტის საჯარო განხილვაში მიიღოს მონაწილეობა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მისი თქმით, ბულინგი, სიძულვილი, აგრესია - ლიბერალური ფაშიზმის ერთ-ერთი მთავარი იარაღია, რომელსაც კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ აქტიურად იყენებს.
„ჩვენ ამ პარტიას ომისა და ღალატის პარტიას ვუწოდებთ. ამასთან, ეს პარტია სიძულვილის პარტიაა. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც სიძულვილით მოქმედებდნენ და ახლაც იგივეს აკეთებენ ოპოზიციის რიგებიდან. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა, ომის ნაცვლად, გვჭირდება ქვეყნის ერთგულება, ნაცვლად ღალატისა და გვჭირდება გაერთიანება სიყვარულით, ნაცვლად სიძულვილისა“, - აღნიშნა პრემიერმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.