პაპუაშვილი: მმართველი პარტია „გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გამოიყენა ყველა მეთოდი, რათა აჩვენოს, რომ თავს არ თვლის ამ ქვეყნის მოქალაქედ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს, მიუხედავად იმისა, რომ მან დაამატა მუხლი, რომელიც საზოგადოების დაცინვაა, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას კარგავს.
„რაც შეეხება კანონის გამოქვეყნებიდან ერთ დღეში გაუქმებას, ეს არის საზოგადოების დაცინვა. ქალბატონმა სალომემ ყველა მეთოდი გამოიყენა იმისთვის, რომ აჩვენოს ერთი რამ: ის თავს არ მიიჩნევს ამ ქვეყნის მოქალაქედ, კონსტიტუცია მისი კონსტიტუცია არ არის და ეს ხალხი მას თავის ხალხად არ მიაჩნია. ის დასცინის ხალხს, როცა ამბობს, რომ ერთდღიანი კანონი უნდა მივიღოთ... ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
პარლამენტის სპიკერის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებაში უცხოელთა ჩარევა, საპროტესტო აქციებში მათი მონაწილეობა და მიტინგებზე სიტყვით გამოსვლები მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ მიღებული კანონი ქართულია.
„იმდენი უცხოელი ჩაერია ამ საკითხში, თავად რომ არიან დონორები და სპონსორები და ბოლოს მიტინგებზეც რომ გამოვიდნენ, რომ ეს ზუსტად აჩვენებს იმას, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ქართული კანონი, რომელსაც ეს პარლამენტი იღებს", - განაცხადა პაპუაშვილმა.
15 მაისს პარლამენტის შენობის წინ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე რამდენიმე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა. ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა შეკრებილთ განუცხადა, რომ მთავრობის დღევანდელი პოლიტიკიდან გამომდინარე, საფრთხე ემუქრება საქართველოს ევროპულ მომავალს. მანამდე კი მინისტრები ყველა შეხვედრაზე აკრიტიკებდნენ კანონპროექტს, მთავრობის წარმომადგენლები კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გარდა, არწმუნებდნენ მათ საქართველოში მსგავსი კანონის მიღების აუცილებლობაში.
გარდა ამისა, საპროტესტო აქციებს შეუერთდნენ და შეკრებილთ სოლიდარობა გამოუცხადეს: გერმანიის - მიხაელ როთი, ჩეხეთის - პაველ ფიშერი, პოლონეთის - ბოგდან კლიხი, ლიეტუვის - ჟიგიმანტას პავილიონისი და ფინეთის - სებასტიან ტინკინენი - პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა.
მიხაელ როთიმ მმართველ პარტიას „ქართული კოშმარი“ უწოდა და ხელისუფლებას კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა.გარდა ამისა, მან თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ხელისუფლების მისამართით განაცხადა, „როგორ შეძლებთ, შექმნათ ნათელი მომავალი საქართველოსთვის ახალგაზრდა თაობის გარეშე? მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიით, რომელიც მმართველი პარტიის ერთ-ერთი უახლოესი მოკავშირეა? ეცადეთ აბა ამის გაკეთება - ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის".
საქართველოში სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები, რომელიც 15 აპრილიდან დაიწყო, დღემდე გრძელდება. მასში ძირითადად ახალგაზრდობა მონაწილეობს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონის განსახილველად შეარჩიონ ათამდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი ექსპერტი.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0