დააწესებს თუ არა აშშ ქართველი ჩინოვნიკების წინააღმდეგ სანქციებს? ვიცე-პრემიერის განმარტება

© photo: Sputnik / Igor Mikhaliovაშშ-ის კონგრესის შენობა
აშშ-ის კონგრესის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 20.05.2024
გამოწერა
დავითაშვილის თქმით, ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ
თბილისი, 20 მაისი — Sputnik. ინიციატივა, რომელიც მოდის აშშ-ის კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან კონკრეტული ქართველი მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით, ალბათ, არ იქნება მიღებული, განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
გამოცემა Politico-ს ინფორმაციით, კანონპროექტი იმ ქართველი პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ, რომლებიც საქართველოში პასუხისმგებელი არიან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღებაზე, კონგრესში შეიძლება ორშაბათს წარადგინონ. კანონპროექტი ითვალისწინებს რეზონანსული კანონპროექტის მომხრე ქართველი პოლიტიკოსების აქტივების გაყინვას, ასევე მათთვის და მათი ოჯახის წევრებისთვის ამერიკული ვიზების გაცემის აკრძალვას.
„ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მე ვფიქრობ, რომ ის კონკრეტული ინიციატივა, რომელიც კონგრესის გარკვეული წევრების მხრიდან მოდიოდა [კონკრეტული მაღალჩინოსნების სანქცირებასთან დაკავშირებით - რედ.], ალბათ, არ იქნება მიღებული", - განაცხადა დავითაშვილმა.
ამასთან, ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ არ არის საჭირო, მოვლენებს წინ გავუსწროთ.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის ის ფორმა, რომელი ფორმითაც პარტნიორები ერთმანეთთან თანამშრომლობენ ან ურთიერთობენ. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთხელ ტერმინი „რუსული კანონის“ გამოყენება, გეტყვით, რომ არასწორი და არაკორექტულია", - აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, ფორმულირება „რუსული კანონი“ არის კლიშე და ადგილობრივი თუ საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზანმიმართული მცდელობა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
საქართველოს პრეზიდენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტო 18 მაისს დაადო. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კანონპროექტი ცვლილებას არ ექვემდებარება, თუმცა, ამავე დროს დაამატა ერთი მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონი ამოქმედებიდან ერთი დღის შემდეგ ძალას დაკარგავს.
პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებში ნათქვამია, რომ მისი გაუმჯობესება შეუძლებელია. აღნიშნულია, რომ კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური - შესაბამისად, არაქართული, არაევროპული და არადემოკრატიული. ამიტომაც, იგი ცვლილებების შეტანის გზით გაუმჯობესებას არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია, მიაჩნია პრეზიდენტს. ამრიგად, პრეზიდენტმა მმართველ გუნდს შესთავაზა კანონის უმოკლეს ვადაში - ძალაში შესვლიდან მეორე დღესვე გაუქმება.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
ყველა ახალი ამბავი
0