რეგიონში პირველად: საქართველო ტურიზმის მსოფლიო დღეს უმასპინძლებს

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
შემოსავლების მხრივ, ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიისთვის მიმდინარე წელი საუკეთესოა, დასძინა ქვრივიშვილმა.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. რეგიონში პირველად საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს, რაც შესანიშნავი შესაძლებლობა იქნება ქვეყანა ღირსეულად წარმოჩინდეს, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
27 სექტემბერს ტურიზმის მსოფლიო დღე (World Tourism Day) აღინიშნება. ღონისძიების თემა ყოველწლიურად იცვლება და მსოფლიო ტურიზმის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას ეძღვნება. 2023 წლის ტურიზმის მსოფლიო დღის თემა იყო „ტურიზმი და მწვანე ინვესტიციები“.
„სექტემბერში გვაქვს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება. პირველად რეგიონში, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველო უმასპინძლებს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ტურიზმის დღეს და ეს იქნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა თითოეული ჩვენგანისთვის, რომ ღირსეულად წარმოვადგინოთ ჩვენი ქვეყანა, ტურიზმის პოტენციალი", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
საქართველოს ეწვევა არაერთი საერთაშორისო ჟურნალისტი, მაღალი რანგის დელეგაცია, ინვესტორები. მისი თქმით, ქვეყანამ ახლახანს უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას.
„თუ არის ქვეყანა, რომელსაც აქვს კრიზისების სწორად მართვის ყველაზე დიდი გამოცდილება, ეს არის ჩვენი გუნდი და ჩვენი კერძო სექტორი. მათ შორის, ძალიან კარგი მაგალითია ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ უმასპინძლა აზიის განვითარების ბანკის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას, რომელიც დედაქალაქში ღირსეულად ჩატარდა“, - აღნიშნა ქვრივიშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, ღონისძიება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომელიც თბილისში 15 აპრილიდან იმართება, რაც დემოკრატიული სახელმწიფოსთვის ნორმალურია.
„ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ქვეყანაში ისეთი გარემო, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება. ჩვენი მასპინძლობა შეფასდა ძალიან დადებითად და ძალიან პოზიტიურად“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, საჭიროა ტურიზმის ციფრებითა და შედეგებით შეფასება, რომელსაც ქვეყანამ ხელისუფლების მიერ გადადგმული სწორი ნაბიჯების შედეგად მიაღწია. შემოსავლების მხრივ, ტურიზმისა და საავიაციო ინდუსტრიისთვის მიმდინარე წელი საუკეთესოა, დასძინა ქვრივიშვილმა.
„ჩვენმა ქვეყანამ პირველ კვარტალში ყველაზე მაღალი შემოსავალი მიიღო, რომელმაც გადააჭარბა 800 მილიონ დოლარს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არა მხოლოდ სრულად გავუთანაბრდით პანდემიამდელ არსებულ სიტუაციას, არამედ აღვადგინეთ და 40%-თაც გადავაჭარბეთ", - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 1,3 მლნ საერთაშორისო მოგზაურს უმასპინძლა.
ყველა ახალი ამბავი
0