„გამჭვირვალობის შესახებ" კანონი: მმართველი პარტია ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება
23:18 19.05.2024 (განახლებულია: 23:38 19.05.2024)
© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
© photo: Sputnik / Stringer
გამოწერა
დეპუტატის თქმით, ვენეციის კომისიის შენიშვნები სამართლებრივი ხასიათის იქნება.
თბილისი, 19 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდება, ძნელი წარმოსადგენია, თუ რა არგუმენტები შეიძლება არსებობდეს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის წინააღმდეგ, განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი კახიანმა „პირველი არხის" ეთერში..
ვენეციის კომისია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე დაჩქარებული წესით დასკვნას ამზადებს და გამოაქვეყნებს მას უახლოეს კვირებში, რათა პარლამენტმა მისი განხილვა კანონის საბოლოო მიღებამდე მოასწროს. პარლამენტმა სკანდალური კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით 14 მაისს მიიღო.
„ვენეციის კომისიის დასკვნას ძალიან ყურადღებით გავეცნობით, რადგან მართლა მაინტერესებს, სამართლებრივად რა არგუმენტი და შენიშვნა შეიძლება არსებობდეს. რთულად წარმოსადგენია, რა არგუმენტი შეიძლება, არსებობდეს გამჭვირვალეობის წინააღმდეგ", - განაცხადა კახიანმა.
მისი თქმით, თუ ვინმეს დისკუსიაში შესვლის სურვილი გაუჩნდება, მმართველი პარტია ამისთვის მზად არის.
„თუ რაიმე სამართლებრივი არგუმენტებია, წარმოადგინონ", - აღნიშნა კახიანმა.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის თქმით, მოსალოდნელია, რომ ვენეციის კომისიის შენიშვნები სამართლებრივი ხასიათის იქნება.
„ჩვენ ასევე გვაინტერესებს, თუ რა შენიშვნებს გააკეთებს ვენეციის კომისია. ველოდებით, რომ იქნება შენიშვნები და, სავარაუდოდ, ისინი იქნება სამართლებრივი ხასიათის, რაც მოგვცემს შესაძლებლობას განვიხილოთ და მიღებული კანონი მაქსიმალურად მოვიყვანოთ შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რომელიც მოგვეთხოვება", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მისი თქმით, ნაცვლად იმისა, რომ უარგუმენტოდ ისაუბრონ, რომ ეს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს ან ევროპულ ღირებულებებს, მითითებული უნდა იყოს, თუ რომელი პუნქტია შეუსაბამო ევროპულ სტანდარტებთან.
რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს და მოტივირებულ შენიშვნებს, ბოჭორიშვილის განმარტებით, ვეტო საჭიროებს დასაბუთებას, რათა კანონმდებლობა შეესაბამებოდეს ევროპულ და სამართლებრივ ნორმებს.
„როგორ შეიძლება იგი იყოს კონსტრუქციული, როცა რეალურად სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარეს საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობს და ცდილობს საქართველოსთვის საჭირო ყველა საკითხი გამოიყენოს მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართული მიზნებისთვის“, - განაცხადა ბოჭორიშვილი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო 18 მაისს დაადო და პარლამენტს გადაუგზავნის.
მისი თქმით, ვეტო არ ითვალისწინებს კანონში ცვლილებების შეტანას.
„ამ კანონის გაუმჯობესება შეუძლებელია. კანონი მთელი თავისი შინაარსით არის არაკონსტიტუციური, არაევროპული და არადემოკრატიულია. ამდენად, ის გაუმჯობესებას მასში ცვლილებების შეტანის გზით არ ექვემდებარება. მისი არსი, შინაარსი და პრინციპები მიუღებელია", - განაცხადა ზურაბიშვილმა.
15 აპრილს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა ვენეციის კომისიას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე მოსაზრების მომზადება სთხოვა. მიმართვის მიზანი გახდა PACE-ს საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლების, კლოდ კერნის და ედიტ ესტრელის შეშფოთება კანონპროექტის ხელახალი ინიცირების გამო.
თბილისში 15 აპრილიდან სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი „ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.