მაჭარაშვილი პრეზიდენტის ვეტოზე: ზურაბიშვილმა დაადასტურა რომ ის ემსახურება რადიკალიზმს

© Parliament of Georgiaგურამ მაჭარაშვილი
გურამ მაჭარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.05.2024
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო და ის პარლამენტს დაუბრუნა
თბილისი, 19 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ვეტოს დადებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რადიკალიზმს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
14 მაისს საქართველოს პარლამენტმა მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო სკანდალური კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომლის წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე პარტიები და დასავლელი პარტნიორები.
18 მაისს კი პრეზიდენტმა სკანდალურ კანონს ვეტო დაადო და განაცხადა, რომ არ აპირებს ცვლილებების შეტანას მასში, რადგან ის საერთოდ გასაუქმებელია. კანონის სამი მოსმენით მიღების შემდეგ, პროტესტის და საქართველოს პარტნიორების უარყოფითი რეაქციის ფონზე, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის და შესთავაზა ზურაბიშვილს, ვეტოსთან ერთად წარმოადგინოს უცხოელ პარტნიორებთან შეთანხმებული მოტივირებული კომენტარები, რათა კანონპროექტში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა გაჩნდეს.
„იგი (პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი - რედ.) დიალოგის მომხრე არ არის, გამჭვირვალობის მომხრე არ არის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობების მომხრე არ არის, ვენეციის კომისიის დასკვნის მომხრე არ არის ა ამ დროს ჩვენ გვეუბნებიან, რომ თურმე, ხელისუფლება დიალოგზე არ მოდის. ამ გადაწყვეტილებით ეს რამდენიმე ფაქტორი დაადასტურა ზურაბიშვილმა“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
კანონის შეცვლა ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია მხოლოდ მოტივირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში. მანამდე მმართველი პარტია აცხადებდა, რომ ვეტოში არსებული შენიშვნების განხილვისას, განიხილავდნენ ვენეციის კომისიის შენიშვნებს, რომლებიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება, თუ ისინი პრეზიდენტის პროექტში იქნება შესული.
საქართველოში ამ დრომდე გრძელდება პროტესტი კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც 15 აპრილს დაიწყო. აქციებში ძირითადად ახალგაზრდები მონაწილეობენ. პარასკევს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აქციის მონაწილეებს შესთავაზა კანონზე სადისკუსიოდ 10-მდე ახალგაზრდა და მათთვის ავტორიტეტული ორი-სამი ექსპერტი აერჩიათ.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0