საქართველოს საგარეო ვაჭრობა მკვეთრად დაეცა - ექსპერტების პროგნოზი პოზიტიურია
22:45 18.05.2024 (განახლებულია: 22:46 18.05.2024)
© photo: Sputnikბათუმის პორტი
© photo: Sputnik
გამოწერა
საქართველოდან საქონლის ექსპორტი ზრდას შემოდგომაზე დაიწყებს, როდესაც ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აქტიური გატანა დაიწყება, მიიჩნევს ექსპერტი.
თბილისი, 18 მაისი – Sputnik. 2024 წლის დასაწყისიდან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის კლება დროებითი მოვლენაა და წელს ის მაინც გადააჭარბებს შარშანდელ მაჩვენებლებს, მიიჩნევენ ქართველი ექსპერტები.
„საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-აპრილში 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2,7%-ით შემცირდა და 6,6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტმა 1,7 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,1%-ით ნაკლებია. იმპორტი კი გაიზარდა მხოლოდ 0,3%-ით, როდესაც იანვარ-მარტის მონაცემებით ის უარყოფითი იყო და -5,3%-ს შეადგენდა.
„მე ვფიქრობ, წლის ბოლომდე საგარეო სავაჭრო ბრუნვის ზრდა გვექნება, რადგან ეკონომიკა იზრდება, იმპორტმაც დაიწყო ზრდა და იმპორტი უზრუნველყოფს არა მხოლოდ რეექსპორტს, არამედ შიდა მოხმარებას. იმპორტი არა მხოლოდ შიდა მოხმარების გაზრდის საშუალებაა, არამედ ნედლეულისა და შუალედური პროდუქტების ზრდის მაჩვენებელია ადგილობრივი წარმოების გასაზრდელად - როგორც შიდა მოხმარებისთვის, ასევე ადგილობრივი პროდუქციის უკვე შემდგომი ექსპორტისთვის“, - განუცხადა Sputnik-საქართველოს ეკონომიკის ექსპერტმა სოსო არჩვაძემ.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2024 წლის იანვარ-აპრილში
მაჩვენებელი | მოცულობა, მლნ დოლარი | ზრდა, % |
ექსპორტი | 1 763,8 | -10,1 |
იმპორტი | 4 799,8 | 0,3 |
სულ | 6 563,7 | -2,7 |
არჩვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირების მიზეზი საქართველოს საექსპორტო პროდუქციის გარკვეულ ნაწილზე, მათ შორის სპილენძზე, ფეროშენადნობებზე და აზოტოვან სასუქებზე მსოფლიო ფასების ვარდნაა.
რაც შეეხება იმპორტის მცირედ, მაგრამ მაინც ზრდას, ექსპერტი ამას ბუნებრივ პროცესს უწოდებს.
„რადგან საქართველოს მშპ იზრდება, მოსახლეობის შემოსავალი იზრდება და, ამასთან, იმპორტის ზრდა არის იმ მდგომარეობის მეორე მხარე, როდესაც იზრდება საქართველოს მოსახლეობისა და კომპანიების მოთხოვნა იმპორტირებულ პროდუქტებზე. იმის გამო, რომ მოთხოვნა და მსყიდველუნარიანობა იზრდება, იმპორტი მოედინება შესაბამისი მიმართულებით და უზრუნველყოფს მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილებას პროდუქციაზე, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და სხვა პროდუქტებზე“, - განაცხადა მან.
საერთაშორისო პროგნოზირებისა და კვლევების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტის, ნიკა შენგელიას განცხადებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტის ზრდა შემოდგომაზე დაიწყება, როდესაც ქვეყნიდან ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აქტიური გატანა დაიწყება.
„ექსპორტი ძირითადად რუსეთში ხორციელდებოდა და, ალბათ, რუსეთმა უკვე მოაგვარა პროდუქციის იმპორტის საკითხი, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ექსპორტი შემცირდა, მაგრამ ექსპორტი კვლავ გაიზრდება სექტემბერ-ნოემბერში, როცა დაიწყებენ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის აქტიურ გატანას“, - განაცხადა შენგელიამ Sputnik-საქართველოსთან ინტერვიუში.
თავის მხრივ, ლაშა ქავთარაძე, საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ეკონომისტი, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის შემცირებას 2023 წელს საგარეო ვაჭრობის მაღალ მაჩვენებლებს უკავშირებს.
„მარტში ჩვენ გვქონდა კლება როგორც ექსპორტში, ასევე იმპორტში და ეს ძირითადად იმით აიხსნება, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზა მაღალი იყო, თუმცა, თუ მოცულობებს ნომინალურ ასახვაში გადავხედავთ, მაჩვენებლები საკმაოდ მაღალია“, - განაცხადა ქავთარაძემ მედიაპლატფორმა BMG-ს ეთერში.
ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ ავტომობილების იმპორტის შემცირება მომავალ თვეებში ექსპორტის მაჩვენებელზე აისახება.
„მარტში იმპორტის კლება ავტომობილებმა განაპირობა, რაც, ვფიქრობთ, უახლოეს თვეებში ავტომობილების ექსპორტზე უმნიშვნელო გავლენას მოახდენს. ახლა გადის ნარჩენი ავტომობილების ექსპორტი, მაგრამ რადგან დღეს ვხედავთ იმპორტის შენელებას, ეს შესაძლოა აისახოს ექსპორტზე მომდევნო პერიოდში“, - აღნიშნა ექსპერტმა.
2024 წლის პირველ კვარტალში საქართველომ 443,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი განახორციელა, 7,8%-ით მეტი 2023 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელზე, იმპორტი 31,3%-ით შემცირდა და 486,6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2023 წელს 12,5%-ით გაიზარდა 2022 წელთან შედარებით და 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გაუთვალისწინებლად), ამასთან გასულ წელს 6,1 მლრდ დოლარის ქართული პროდუქციის ექსპორტი გაიტანეს, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 9,1%-ით მეტია.
2023 წელს ქვეყანაში 15,4 მლრდ დოლარის ღირებულების პროდუქციის იმპორტი განხორციელდა – 2022 წლის იანვარი–ნოემბერთან შედარებით 14%-ით მეტი.