პრემიერი: თუ პრეზიდენტი ოპოზიციის ლიდერი გახდება, ეს „ქართული ოცნებისთვის“ კარგი იქნება

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2024
გამოწერა
ქართული ოპოზიციის მთავარი მიზანი ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნაა, დარწმუნებულია პრემიერი
თბილისი, 17 მაისი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ თუ კოლექტიური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ლიდერად გამოაცხადებს, ეს მხოლოდ დადებით გავლენას მოახდენს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შედეგებზე მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე.
მმართველი ძალის ლიდერები „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ და „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ, რომელიც საქართველოსა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოდ ცდილობს სიტუაციის არევას, რევოლუციის მოწყობას და ძალაუფლების შეცვლის შემთხვევაში ქვეყნის ომში ჩათრევას.
მანამდე ზურაბიშვილმა, რომელიც, „ქართული ოცნების“ ლიდერების თქმით, „რადიკალურ ოპოზიციას“ შეუერთდა, განაცხადა, რომ რამდენიმე კვირაა მუშაობს ევროპულ პლატფორმაზე, რომელიც უკვე ჩამოყალიბებულია და ოფიციალურად წარედგინება საზოგადოებას.
„ის ისედაც არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის" წარმომადგენელი, გამოაცხადებენ თუ არა კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში" სალომე ზურაბიშვილს მათ ლიდერად, ეს მათზეა დამოკიდებული, თუ ასე იქნება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგი იქნება ჩვენი საარჩევნო შედეგებისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სინამდვილეში მათი მთავარი მიზანი იქნება ფრონტის გახსნა.
„თქვენ იცით, რომ მთელი ეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა" უკვე ამდენი ხანია, ორ წელიწადზე მეტია, იბრძვის იმისთვის, რომ რამენაირად არიონ ეს ქვეყანა, ქვეყანაში გამოიწვიონ მეორე ფრონტი. ეს ფრონტი, რეალურად დააანონსა სალომე ზურაბიშვილმა, როდესაც თქვა, რომ სათავეში ჩაუდგება კოლექტიურ „ნაცმოძრაობას", - განაცხადა კობახიძემ.
საქართველოს პრეზიდენტი და მმართველი პარტია
სალომე ზურაბიშვილსა და მმართველ პარტია „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ შორის ურთიერთობა პრეზიდენტობის მესამე წელს გაუარესდა. ყოველ შემთხვევაში, ამის შესახებ ფართო საზოგადოებისთვის მაშინ გახდა ცნობილი.
პრეზიდენტმა მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილების პირველი, თავდაპირველად ფრთხილი მცდელობა 2021 წელს გამოხატა. დროთა განმავლობაში ზურაბიშვილის რიტორიკა სულ უფრო ხისტი ხდებოდა და ახლა არაფრით განსხვავდება ხელისუფლების მთავარი ოპონენტების განცხადებებისგან.
მას შემდეგ, რაც ზურაბიშვილმა 2023 წლის 31 მარტს პარლამენტს წარუდგინა თავისი წლიური ანგარიში, რომელშიც მან, სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნება“ პროდასავლური გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა, მთავრობამ შეწყვიტა მისი უცხოური ვიზიტების დამტკიცება. ამის მიუხედავად, პრეზიდენტმა უცხოური ვიზიტები გააგრძელა, „ქართულმა ოცნებამ“ კი იმპიჩმენტის პროცესი დაიწყო.
იმპიჩმენტის პროცედურა მას შემდეგ დაიწყო, რაც ზურაბიშვილი 31 აგვისტოს უცხოეთის ტურნეში გაემგზავრა და მთავრობის თანხმობის გარეშე დაიწყო შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან. მინისტრთა კაბინეტმა მოგზაურობის ნებართვის მიცემაზე უარი ახსნა იმით, რომ ხელისუფლებამ დაკარგა ნდობა მის მიმართ. ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მისი ევროპაში მოგზაურობის მიზანია დაეხმაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებაში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 16 ოქტომბერს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია. მაგრამ „ქართული ოცნების“ წარმატებები ამით დასრულდა, თუმცა, როგორც თავდაპირველად მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, მეტის იმედი არც ჰქონდათ, რადგან საქმის ბოლომდე მისაყვანად პარლამენტში საკმარისი ხმები არ აქვთ.
ზურაბიშვილის იმპიჩმენტს ხმა მხოლოდ 86-მა დეპუტატმა დაუჭირა მინიმალური 100-ის ნაცვლად. შესაბამისად, პრეზიდენტმა თანამდებობა შეინარჩუნა. იმავე დღეს კობახიძემ განაცხადა, რომ ზურაბიშვილი არის არა ქვეყნის, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი.
ყველა ახალი ამბავი
0