„ენჯეოებმა“ 2008 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვება მომპარეს - ლევან გაჩეჩილაძე

© photo: Sputnik / გადასვლა მედიაბანკში2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა
2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა - Sputnik საქართველო, 1920, 16.05.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ გაგრძელებას წარმოადგენდნენ, მიაჩნია ბიზნესმენს
თბილისი, 16 მაისი – Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციებმა 2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ერთიანი ოპოზიციის კანდიდატ ლევან გაჩეჩილაძეს მოპარეს, განაცხადა ბიზნესმენმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
15 აპრილიდან თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში იმართება საპროტესტო აქციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიას სპეციალურ რეესტრში რეგისტრაციის გავლას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს. 14 მაისს საქართველოს პარლამენტმა საკამათო კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.
„არასამთავრობო ორგანიზაციების წყალობით მე წამართვეს არჩევნები. ეს არის 2008 წელი, როდესაც ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ კიდევ ოფიციალურად დათვლილი არ ჰქონდა არჩევნები, მაშინ თეთრმა სახლმა პრეზიდენტობა მოულოცა მიხეილ სააკაშვილს“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისივე თქმით, ეს არა მხოლოდ იურიდიული, არამედ ისეთი მორალური კაზუსია, რომელიც ალბათ თითზე ჩამოსათვლელ ქვეყნებშიც კი არ მომხდარა.
„ყველა ოდიოზურმა არასამთავრობო ორგანიზაციამ თქვა, რომ მე არჩევნები წავაგე და არჩევნების დღეს ხელისუფლებამ ათასობით ადამიანი დაიჭირა სწორი ბიულეტენებით. გადაიწერა ბიულეტენები, 1500-ით ნული წავაგე ყველა საარჩევნო ოლქში და უბანში, სადაც დაიჭირეს ჩემი თანამოაზრეები და შესაბამისად, ამით დადეს მათემატიკური გამარჯვებაც“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატის თქმით, ეს ყველაფერი მოხდა იმის გამო, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები მაშინდელი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იდეოლოგიურ გაგრძელებას წარმოადგენდნენ.
„როდესაც ასე აქტიურად გამოდიხარ არასამთავრობო ორგანიზაციის პოზიციიდან, შენ უკვე ხდები პოლიტიკოსი. მაშინ, კეთილი უნდა ინებო, შექმნა პოლიტიკური პარტია, გამოხვიდე პოლიტიკურ სარბიელზე, მიიმხრო ის ახალგაზრდა და ეს შენი პოლიტიკური განცხადებები შენს პოლიტიკურ მოღვაწეობას მოახმარო“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებმა ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენეს თავისი უფლებამოსილება და მას პატიოსანი გამარჯვება წაართვეს.
როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, იგივე ხდება დღესაც. ათეულობით მილიონ დოლარს ახმარენ კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით საუბრობენ და გამუდმებით იტყუებიან.
„(ეს ტყუილი - რედ.) იმისთვის, რომ გამოიყენო ეს ალალ მართალი ენერგია შენი კეთილდღეობისთვის და შენი ხელისუფლებაში დაბრუნების რევანშისთვის, არ მთავრდება ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ და დასძინა, რომ საქართველო ამ წრეზე უკვე 30 წელიწადი დადის.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის მიღებაზე უარისკენ ხელისუფლებას მოუწოდა ევროკავშირმა, ევროპულმა საბჭომ, გაერომ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერებმა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის მარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ვინ არის ლევან გაჩეჩილაძე?
საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ბიზნესმენი ლევან გაჩეჩილაძე ფართოდ ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც 2008 წლის 5 იანვარს საქართველოს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციის ერთიან კანდიდატად დასახელდა. მან არჩევნებზე მეორე ადგილი დაიკავა.
შემდეგ გაჩეჩილაძე დიდი ხნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ აქტიურ მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ საქმიანობაში, არც ერთი პარტიის წევრი არ ყოფილა. 2009 წელს ჩაუდგა სათავეში ოპოზიციურ საზოგადოებრივ მოძრაობას „დაიცავი საქართველო“, ხოლო 2010 წელს გახდა „ქართული პარტიის“ თანათავმჯდომარე, რომელიც 2011 წლის ივნისის დასაწყისში დატოვა.
ყველა ახალი ამბავი
0