დეპუტატი: სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ბინძური თამაშის მონაწილე გახდნენ

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 14.05.2024
გამოწერა
თბილისში სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება
თბილისი, 14 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ აჟიოტაჟის ატეხვის თავდაპირველი მიზანი იყო მმართველი გუნდის წინააღმდეგ მიმართული კამპანია და ამ პროცესების ბოლოს სულ უფრო მეტი ადამიანი დარწმუნდება, რომ ისინი გახდნენ დიდი ბინძური თამაშის მონაწილე, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა.
თბილისში სკანდალური კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება. აქციებში მონაწილებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.
„რაც უფრო პროცესი დასასრულს უახლოვდება, მით უფრო ნათელი ხდება, თუ რა იყო ამ კანონპროექტის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის თავდაპირველი მიზანი და იდეა. ეს იყო მმართველი გუნდის წინააღმდეგ მიმართული კამპანია. ამ პროცესების ბოლოს ხალხი დარწმუნდება, რომ ისინი ბინძური თამაშის მონაწილე გახდნენ“, - განაცხადა წილოსანმა.
ამასთან, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება მნიშვნელოვანია, რადგანაც ეს არის კანონი, რომელიც ქვეყანას მოემსახურება.
„ბუნებრივია, ისინი (ოპოზიციონერები – რედ.) ნელ-ნელა გადავლენ წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე და, რა თქმა უნდა, წინასწარ მუშტების ქნევას აზრი არ აქვს, ყველაფერი ოქტომბრის არჩევნებზე გადაწყდება“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0