გადაამეტა თუ არა უფლებამოსილებას პოლიციამ: საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerპოლიცია საპროტესტო აქციაზე
პოლიცია საპროტესტო აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
დღეს სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის 20 მონაწილე დააკავეს.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების მიმართ სამართალდამცველების მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში განმარტეს, სამსახური ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე სამართლებრივ რეაგირებას ახორციელებს, ასევე სწავლობს მედიასაშუალებებით გასულ ვიდეოკადრებში ასახულ აქციის მონაწილეების დაკავებისას ძალის შესაძლო გადამეტების ინდივიდუალურ შემთხვევებს.
„სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 2024 წლის 13 მაისს საკანონმდებლო ორგანოსთან სამართალდამცავების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო", - ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების თაობაზე უწყება საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
თბილისის ცენტრში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული მორიგი საპროტესტო აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. დაახლოებით 05:00 საათზე ადგილზე მოხდა შსს-ის სხვადასხვა ქვედანაყოფის ასობით წარმომადგენლის მობილიზება. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის რამდენჯერმე მოხდა დაპირისპირება.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.
13 მაისს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით მიიღო. პლენარული სხდომაზე სკანდალური კანონპროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრაზე გატანა 14 მაისს არის ჩანიშნული.
დღეს, სამართალდამცველებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ გამართული აქციის 20 მონაწილე დააკავეს, რომელთა შორის სამი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. შსს-ს ცნობით, ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციის კანონიერ მოთხოვნას, დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, სამართალდამცველებს გაუწიეს წინააღმდეგობა და მიაყენეს შეურაცხყოფა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0