ამ მასშტაბის გარყვნილება წარმოუდგენელია - პრემიერი ბლოგერის საქმეზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. ისეთი მასშტაბის გარყვნილება, რაც ბლოგერ უჩა აბაშიძის საქმეშია, უბრალოდ წარმოუდგენელია, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
პროკურატურამ უჩა აბაშიძეს და მის მეუღლე მარიამ იაშვილს პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისა და შენახვის ფაქტებზე წარუდგინა ბრალდება. ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა ხდებოდა იაშვილის ბინაში. გამოძიების ცნობით, აღნიშნული ბინა აღჭურვილი იყო შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით, რომელიც მუდმივ რეჟიმში ფარულად უზრუნველყოფდა თავად იაშვილის სხვადასხვა პირებთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერას.
12 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ აბაშიძეს და მის მეუღლეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
„წარმოუდგენელი რამის მომსწრეც ვართ და შემიძლია გითხრათ, რომ მხოლოდ „ნაციონალმა“ შეიძლება ჩაიდინოს ასეთი სავარაუდო დანაშაული, ამ მასშტაბის გარყვნილება უბრალოდ წარმოუდგენელია", - განაცხადა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ვიდეოჩანაწერების რაოდენობის გათვალისწინებით, მათ ფალსიფიცირებაზე საუბარი ვერც იქნება.
„რეალურად, მე რა ინფორმაციაც მაქვს, იმ რაოდენობის ვიდეოჩანაწერზეა ლაპარაკი, რომ ამის ფალსიფიცირებაზე ვერც იქნება საუბარი, აქ უბრალოდ არის გარყვნილების წარმოუდგენელი მასშტაბი", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, დანაშაული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან სათანადო წესით იქნება დადგენილი.
ის, რომ გარყვნილება და „ნაცმოძრაობა“ იდენტური ცნებებია, ეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა ამ საქმეზე, დასძინა კობახიძემ.
პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში განხორციელდა ასობით სხვადასხვა პირის სქესობრივი კავშირის ამსახველი ათასობით ვიდეო-აუდიო მასალის ჩაწერა.
გარდა ამისა, უწყების ცნობით, უჩა აბაშიძე ბინაში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა საბრძოლო მასალას - სამხედრო სპეციალური დანიშნულების 30 ცალ ვაზნას.
გამოძიება სსკ-ის 157-ე პრიმა მუხლით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვება - შენახვას და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვას გულისხმობს. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ორივე ბრალდებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის წინააღმდეგ მიმდინარე აქციების აქტიური მონაწილეა. ბლოგერი უჩა აბაშიძე 9 მაისის ღამეს მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციამ იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის ვებგვერდებზე კიბერშეტევის საქმის ფარგლებში აბაშიძის სახლის ჩხრეკისას იარაღი და საბრძოლო მასალა აღმოაჩინა - ამოღებულ იარაღებს შორის არის აირსოფტის იარაღებიც.
ყველა ახალი ამბავი
0