პრემიერი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონს მივიღებთ, თუმცა არის რაღაცის შეცვლის შანსი

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას, განაცხადა კობახიძემ.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საბოლოო მოსმენით მიღება სამშაბათს მოხდება, თუმცა პრეზიდენტ სალომე ზურაბილშვილს, რომელიც უცხოელი აქტორების დავალებით მოქმედებს, აქვს შანსი, რაღაც შეცვალოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.
თბილისში „გამჭვირვალობის შესახებ" სკანდალური კანონის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან ყოველდღიურად იმართება - აქციებში მონაწილებას იღებენ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც კანონპროექტს „რუსულ კანონს“ უწოდებენ, ხელისუფლებას კი საგარეო კურსის შეცვლაში ადანაშაულებენ. ევროკავშირი, აშშ, ნატო და სხვა დასავლელი პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ არ მიიღონ კანონპროექტი.
„ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც დიდ წვლილს შეიტანს გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში", - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, აპრილში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობას, 60%-ზე მეტი კი ინიცირებულ კანონპროექტს.
„საქართველოს გარედან ვერავინ აუკრძალავს საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას", - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, მესამე მოსმენით განხილვისას კანონპროექტში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა ვერ მოხერხდება, თუმცა ხელისუფლება ღიაა ვეტოს ფარგლებში დისკუსიისთვის.
მან არაკონსტრუქციული უწოდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ის არ აპირებს „ამ თამაშში შესვლას კანონის გასაპატიოსნებლად“. ზურაბიშვილმა კანონპროექტს რუსული უწოდა და აღნიშნა, რომ იგი ასეთად დარჩება.
12 მაისს პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება პრემიერის განცხადების საპასუხოდ გააკეთა - კობახიძემ განაცხადა, რომ „პრეზიდენტი ზურაბიშვილი თავად არ წერს საკუთარ ვეტოებს, მას არასამთავრობო ორგანიზაციები ან გარედან უწერდნენ, რაც ერთი და იგივეა". მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირისა და ეუთოს წარმომადგენლებთან საუბრისას დააფიქსირა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ხელისუფლება ღიაა მსჯელობისა და დისკუსიისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ამჯერადაც გაიმეორა თავისი სიტყვები, რომ ვეტოზე მოტივირებულ შენიშვნებს პრეზიდენტი თავად არ წერს და მას მოუწოდა, „მოიქცეს ისე, როგორც აქამდე იქცეოდა“.
„ეს ბერკეტი ახლაც შეიძლება იყოს გამოყენებული და თუ სალომე ზურაბიშვილი ასეთ შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას და არც საერთაშორისო პარტნიორებს, ეს, ბუნებრივია, მისი პასუხისმგებლობა იქნება“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, პოზიციების შესათანხმებლად და ვეტოს ფარგლებში მათი კანონპროექტში ასახვისთვის ორი კვირაა - 14-დან 28 მაისის ჩათვლით პერიოდი.
„თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, რაც გუშინ უკვე დააფიქსირა, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ მზაობას და ღიაობას დისკუსიისთვის", - განაცხადა კობახიძემ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0