იურიდიულმა კომიტეტმა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის შენობა
პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
პარლამენტთან კვირას, 22:00 საათზე დაწყებული საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება, ადგილზე მობილიზებული არიან ძალოვანები
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით რამდენიმე წუთში მიიღო.
სხდომა ხმაურიანი საპროტესტო აქციის ფონზე ჩატარდა. მომიტინგეები სკანდირებენ „მონებო“ და კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ, რომელსაც ისინი „რუსულ კანონს“ უწოდებენ. აქციაში მონაწილეობენ ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და კანონპროექტის სხვა ოპონენტები.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საპარლამენტო უმრავლესობა დაადანაშაულა იმაში, რომ მათ სხდომაზე დასწრების საშუალება არ მისცეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ სხდომა 09:00 საათზე იყო ჩანიშნული, ოპოზიციონერი დეპუტატები კი შეგნებულად არ შევიდნენ დარბაზში და პარლამენტში არსებულ ვითარებას მობლური ტელეფონებით იღებდნენ.
პლენარული სხდომა, რომელზეც იგეგმება სკანდალური კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღება, სამშაბათს, 14 მაისს არის ჩანიშნული. აღნიშნული ინიციატივის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება და ხვალაც გაგრძელდება.
თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია კვირას, 22:00 საათზე დაიწყო. ადგილზე შსს-ის ძალები დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ და პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს.
მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა აქციის მონაწილეებს არ მოახდინონ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.
ამ დროისთვის მოვლენების ეპიცენტრი ძმები ზუბალაშვილების და ჭიჭინაძის ქუჩების კვეთაა, სადაც აქციის მონაწილეთა ყველაზე მეტი რაოდენობაა მობილიზებული. პოლიციასა და მომიტინგეებს შორის პერიოდულად ხდება დაპირისპირება.
აღნიშნულ ტერიტორიაზე ვითარება ბოლოს მას შემდეგ დაიძაბა, რაც დემონსტრანტებმა კვლავ დაიწყეს ძალოვანების მისამართით რაღაც საგნების სროლა. აქციის მონაწილეები ასევე იმყოფებიან რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობი წინ და 9 აპრილის ქუჩის დასაწყისში (ყოფილი ჩიტაია).
სპეცდანიშნულების რაზმი დგას ასევე თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე, სადაც გუშინ ღამიდან მობილიზებულია წყლის ჭავლისა და სახანძრო მანქანები.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0