დეპუტატი: „გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ აქციის ორგანიზატორებმა ჩაისვარეს

© courtesy of Iago Khvichiaიაგო ხვიჩია
იაგო ხვიჩია - Sputnik საქართველო, 1920, 13.05.2024
გამოწერა
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აქციის ორგანიზატორემა იციან, რომ მათ რეპუტაცია არ აქვთ და ამიტომაც იმალებიან.
თბილისი, 13 მაისი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების წინააღმდეგ კვირას გამართული აქციის ორგანიზატორებმა ჩაისვარეს, განაცხადა ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ.
პარლამენტის შენობასთან საპოლიციო ძალები ორშაბათს, დაახლოებით 05:00 საათზე გამოჩნდნენ, რომლებმაც პარლამენტის შენობის შესასვლელის გათავისუფლების შესახებ აქციის მონაწილეებისადმი უშედეგო მოწოდების შემდეგ, დემონსტრანტებისგან ტერიტორია გაათავისუფლეს. ამის შემდეგ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" რეზონანსული კანონპროექტი, რომლის გამოც თითქმის ერთი თვეა თბილისში მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება, მესამე მოსმენით რამდენიმე წუთში მიიღო.
„არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს. ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ", - განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატის თქმით, გაუგებარია, როგორ შეიძლება აქციის ორგანიზატორი იყო და მონაწილეების წინ არ იდგე.
„მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს", - აღნიშნა ხვიჩიამ.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, აქციის ორგანიზატორემა იციან, რომ მათ რეპუტაცია არ აქვთ და ამიტომაც იმალებიან.
„სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება“, - განაცხდა ხვიჩიამ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" 2023 წლის პარტში საპროტესტო აქციების ფონზე გაწვეული სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0