13 მაისიდან პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 12.05.2024
გამოწერა
თბილისში 15 აპრილიდან სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება
თბილისი, 12 მაისი – Sputnik. 13 მაისიდან პარლამენტში ვიზიტორთა შესვლა იზღუდება, იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე, ნათქვამია საკანონმდებლო ორგანოს განცხადებაში.
ხვალ, 13 მაისს, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა იგეგმება.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 13 მაისიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები. აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა.
პარლამენტის შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების აკრედიტებული ჟურნალისტები, არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან.
თბილისში 15 აპრილიდან სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციები იმართება, რომლებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევას მოითხოვენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი „ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ. მორიგი საპროტესტო აქცია პარლამენტის შენობის წინ დღეს 22:00 საათზეა დაგეგმილი. ორგანიზატორებმა მოქალაქეებს მოუწოდეს შეიკრიბონ პარლამენტთან ღამის გასათევად, რათა ორშაბათს დილით დახვდნენ დეპუტატებს, რომლებიც მესამე მოსმენით კენჭისყრამდე კანონპროექტის განხილვას იურიდიულ კომიტეტში აპირებენ.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში. კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა. მათ საქმიანობას კანონპროექტი არ კრძალავს.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
ყველა ახალი ამბავი
0