შალვა პაპუაშვილი: ძალადობა უკვე სპირალშია შესული და ახალ ძალადობას იწვევს

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.05.2024
გამოწერა
„ნაცმოძრაობას“ ადარდებს არა განხილვის თემა, არამედ ცდილობენ მხოლოდ საზოგადოების აღელვებას, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა
თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოში ძალადობას ძალადობა მოყვა, ამ სპირალს საფუძველი ჩაუყარა არასამთავრობო ორგანიზაციების და „რადიკალური ოპოზიციის“ სიმბიოზმა, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
ძალადობა გახდა უკვე სავიზიტო ბარათი „უცხოური გავლენის კანონის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა, რამაც ქართული საზოგადოება ორ ნაწილად გაყო. ამ დროისთვის მხოლოდ ფიზიკური ძალადობის შედეგად უკვე 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა - როგორც პარტიის ლიდერები, ასევე ჟურნალისტები. გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში მუქარის მსხვერპლი გახდნენ პოლიტიკოსები და ცნობილი ადამიანები.
„ძალადობის ამ სპირალს საფუძველი ჩაუყარა სწორედ „ენჯეოებისა“ და რადიკალური ოპოზიციის სიმბიოზმა და ამ სპირალშია ახლა სწორედ საზოგადოება. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ სპირალიდან გამოვიყვანოთ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ძალადობის სპირალში პირველად მაშინ შევიდნენ, როდესაც პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს გაარტყა.
„ძალადობა იწვევს ძალადობას. ეს არის სპირალი, რომელშიც შეჰყავს „ნაციონალურ მოძრაობას“ საზოგადოება“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მან ამ ძალადობის გაღვივებაში უცხოელი აქტორებიც დაადანაშაულა.
„ამ სპირალში შეიყვანეს ქართველმა და განსაკუთრებით, უცხოელმა აქტორებმა, მათ შეიყვანეს, ვინც აუკრძალა ქართველ ხალხს ფიქრი და დისკუსია. თქვეს, რომ თქვენ არც კი გაბედოთ მუხლებზე მსჯელობა - ამას ჩვენ დავარქმევთ პირდაპირ რუსულ კანონს და მორჩა! იყვირეთ და ყვირილით ჩაახშეთ ნებისმიერი საღი აზრი. მათ შეიყვანეს სწორედ ამ ძალადობის სპირალში და ჩვენ გამოგვყავს ყოველ ჯერზე“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ხელისუფლებას ექნება ბევრი კითხვა იმ საელჩოებთან, რომლებიც დეპუტატების ფსიქოლოგიურ და მორალურ ტერორს ახალისებენ.
მისი შეფასებით, აქციების მთავარი თავისებურება გახდა ადამიანების ასაკის მიხედვით დაყოფა, რასაც „ნაცმოძრაობა“ ეწევა.
„ნაციონალური მოძრაობის“ გამოგონილია ეს ეიჯიზმიც, რომელიც გამოყენებული აქვთ სხვა მხრივ. გარკვეულ პერიოდში დაბადებულ ადამიანებს რატომღაც თურმე მეტი უნდა ეთქმოდეთ, ვიდრე სხვებს. ეს ქვეყანა ყველასია, უფროსის და უმცროსის, ქალის და კაცის და ყველას ეთქმის სიტყვა. ყველას აქვს ერთი ხმა, ეს უნდა ვიცოდეთ ყველამ. ეს არის დემოკრატია. 200 000 ადამიანი მოვიდა 29 აპრილს ამ იდეების მხარდასაჭერად და იმათი ხმა ხმა არ არის? თუ რანაირად ზომავენ? ასაკით, სქესით, თვალის ფერით? თუ სხვა რა მიდგომები აქვთ კიდევ ეიჯისტური თუ ფაშისტური?!“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, აქციაზე პოლიციელებზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე დაკავებული ექვსი ადამიანიდან ერთ-ერთი არის რუსეთის მოქალაქე.
„ეს ცალკე საკითხია, ალბათ უნდა ჩავეძიოთ, ვინაა ეს ადამიანი, რომელიც ამ აქციებში მონაწილეობდა და იყო მოძალადე. ვულოცავ ე.წ. ანტირუსულ აქციას, რომელსაც შეუერთდნენ რუსი მოქალაქეები“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შედეგად დაშავდა პოლიციელებზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტზე და6 ადამიანი დააკავეს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ყველა ახალი ამბავი
0