ღია წერილი გულწრფელ ახალგაზრდებს - პრემიერ-მინისტრის მიმართვის ძირითადი თეზისები
© Government of Georgiaირაკლი კობახიძე
გამოწერა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეთა უმრავლესობის უკან დგანან უცხოელი დონორების მიერ დაფინანსებული „რადიკალური ოპოზიციის" ლიდერები, მიიჩნევს პრემიერი.
თბილისი, 10 მაისი – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის, ვინც დღეს შეცდომაშია შეყვანილი, ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ღია წერილში, რომლითაც მან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების მონაწილე ახალგაზრდებს მიმართა.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება. მოწინააღმდეგეები კანონის გაწვევას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ ის ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების უცხოური გამჭვირვალობის აუცილებლობაზე საუბრობს.
„გპირდებით, რომ ქართული სახელმწიფო იზრუნებს ყველა გულწრფელ ახალგაზრდაზე, მათ შორის ისეთებზეც, რომლებიც დღეს შეცდომაში არიან შეყვანილი და ვერ აცნობიერებენ, თუ რამხელა უბედურება ააცილა მას ქართული საზოგადოების უმრავლესობამ და მის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ თავიდან“, - ნათქვამია კობახიძის ღია წერილში.
„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვის დაწყების მომენტიდან, თბილისში იმართება საპროტესტო აქციები, რომლებშიც, კობახიძის თქმით, სტაბილურად 10 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს. „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები აქცენტს აკეთებენ ამ ადამიანების დიდი ნაწილის ახალგაზრდულ ასაკზე, ასევე მათ გულწრფელობაზე და ატრიალებენ დალაგებულ მესიჯს, რომ ხელისუფლება გულწრფელ ახალგაზრდებს არ უსმენს.
„ბევრს არ ვისაუბრებ იმაზე, რომ აქციებში სტაბილურად მონაწილე ახალგაზრდების დიდი ნაწილი სრულიად არაგულწრფელი ახალგაზრდა „ნაციონალები“ არიან“, - აღნიშნა კობახიძემ.
ესენია, კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობის“, გვარამია-მელიას, გახარიას და ხაზარაძის ახალგაზრდული ორგანიზაციები, რომლებიც ათეულობით მოძალადე ახალგაზრდას აერთიანებს. ხაზარაძე აფინანსებს მოძრაობა „ჯენზისაც“, რომლის ლიდერიც ჯენ-ზის ასაკს მკვეთრად არის გადაცილებული.
მისი თქმით, აქციებზე ასევე აქტიურობენ კეზერაშვილისა და უცხოელი დონორების მიერ შავი და გაუმჭვირვალე ფულით დაფინანსებული ძალადობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები - „სირცხვილია“, „ფრანკლინის კლუბი“, „მომავლის აკადემია“, „სტუდენტები ევროპული მომავლისთვის“, „მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ჯიუტი“, „ტალღა“, „ნაბიჯი“, „წერტილი“, „დაფიონი", რომლებიც 200-მდე აქტივისტს რეგულარულად უყრიან თავს და უშუალო პარტიულ აქტივთან ერთად, მოძალადე ახალგაზრდების ძირითად ბირთვს შეადგენენ.
„ამ არაგულწრფელ ახალგაზრდებთან ერთად, რა თქმა უნდა, აქციებში მონაწილეობენ გულწრფელი ახალგაზრდებიც, რომლებსაც სჯერათ, რომ აქციაზე დგომით კარგ და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, სოციალურ ქსელში მას ხშირად ხვდება ერთ-ერთი ასეთი გულწრფელი ახალგაზრდის პოსტები.
„ეს ახალგაზრდა დღეს 25-27 წლის იქნება. 2020 წლიდან ის რევოლუციის ორივე მცდელობას აქტიურად უჭერდა მხარს და ალბათ, არცერთი ოპოზიციური აქცია არ გამოუტოვებია“, - დაწერა პრემიერმა.
კობახიძის თქმით, ეს ახლაგაზრდა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც 2020 წელს „ნაცმოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე მივიდა, რომელიც ცესკოში შეჭრის მცდელობით დასრულდა, როდესაც „მთავარი არხისგან“ შეიტყო, რომ ცესკომ არჩევნების შედეგები „დაგვიანებით“ გამოაქვეყნდა.
მაშინ არასამთავრობოების და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილი აცხადებდა, რომ ცესკომ დაგვიანებით გამოაქვეყნა არჩევნების შედეგები რითაც მათი ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენა.
„მართალია, ცესკოში შეჭრა თვითონ არ უცდია, მაგრამ ამ ყველაფერს აქციაზე დგომით ამაგრებდა“, - აღნიშნა კობახიძემ.
მთავრობის მეთაურმა გაიხსენა სიტუაცია, როდესაც 2020 წლის დეკემბრის დასაწყისში არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების" (ISFED) სკანდალში გაეხვა.
მაშინ არჩევნების შედეგების დათვლის შემდეგ ცესკომ განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციული არჩევნების ნაწილში (პარტიული სიებით) ხმების 48,22% მიიღო, ხოლო ISFED-ის მონაცემებით - 45,8%. ოპოზიციამ მაშინვე განაცხადა, რომ ეს სხვაობა არჩევნების გაყალბებაზე მიუთითებს.
პრემიერის თქმით, ეს გულწრფელი ახალგაზრდა მაშინაც აღშფოთდა, როცა ცესკოს შედეგები „სამართლიანი არჩევნების" პარალელური ხმის დათვლას ასცდა.
„თუმცა, აღშფოთება იმაზე აღარ გამოუხატავს, როცა ამ „ენჯეომ“ 5 კვირის დაგვიანებით თავადვე აღიარა, რომ სწორედ მისი პარალელური დათვლა ასცდა ცესკოს შედეგებს და არა პირიქით“, - დასძინა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის თებერვლის ბოლომდე ამ ახალგაზრდის აქტივობა სოციალურ ქსელში მხოლოდდამხოლოდ სააკაშვილის შიმშილობას და გათავისუფლებას უკავშირდებოდა. ისიც წერდა, რომ ახლა სააკაშვილის წარსულის გარჩევის დრო არ იყო და მხოლოდ მისი სიცოცხლის გადარჩენაზე უნდა გვეფიქრა.
„ამ გულწრფელ ახალგაზრდას მოგვიანებით ოდნავი გულისწყვეტაც კი არ გამოუხატავს, როცა სააკაშვილმა ორი წლის თავზე გადაწყვიტა, რომ აღარ კვდებოდა და სიმულანტობა პრინციპულად შეწყვიტა“, - აღნიშნა კობახიძემ.
2022 წლის თებერვალში ეს ახალგაზრდა ერთ-ერთი პირველი გავიდა აქციებზე და პირველ რიგში, რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოითხოვა. შემდეგ კი ამ ახალგაზრდამ მოითხოვა უკრაინაში საბრძოლველად მოხალისეების გაგზავნა, თანაც საქართველოს მთავრობის ოფიციალური თანხმობით.
პრემიერის თქმით, 2022 წლის 1 მარტს ახალგაზრდა საერთოდ გადაირია, როდესაც სანქციების არდაწესებისა და მებრძოლების არგაგზავნის საბაბით, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოდან ელჩი გაიწვია. „მრცხვენია, რომ ქართველი ვარ“ - ასე გამოეხმაურა ეს ახალგაზრდა ზელენსკის დემარშს.
უკრაინის მოვლენების დაწყების მეექვსე დღეს უკრაინის პრეზიდენტმა მათთვის დახმარების მსურველი მოხალისეებისთვის ხელის შეშლისა და სანქციებისადმი გამოხატული პოზიციების გამო საქართველოდან ელჩი გაიწვია.
„არც დაფიქრდა, ხომ არ უკავშირდებოდა ეს ყველაფერი პოდოლიაკისა და დანილოვის პირდაპირ მოწოდებებს საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. იმაზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ, რომ პოდოლიაკისა და დანილოვის ამ განცხადებებზე ოდნავი პროტესტიც კი არ გამოუხატავს“, - აღნიშნა კობახიძემ.
პრემიერის თქმით, ეს ახალგაზრდა პირველი გავიდა აქციაზე, როდესაც 2022 წლის ივნისში საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭეს.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა პოლარიზაციის აღმოფხვრა, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობა და ა.შ. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
„მან ყველაფერზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას დააკისრა და კითხვაც არ დაუსვამს იმაზე, თუ რატომ არ მიანიჭეს სტატუსი საქართველოს და მიანიჭეს მოლდოვას, რომელიც დსთ-ს წევრია, რუსეთთან სანქციებს თავადაც არ მიუერთდა და თუკი რაიმეთი გამოირჩევა, კორუფცია და გაუმართავი სახელმწიფო ინსტიტუტებია“, - განაცხადა კობახიძემ.
გულწრფელ ახალგაზრდას კითხვები მაშინაც არ გასჩენია, როდესაც ევროკომისიამ რამდენიმე თვეში ქულებით შეფასება გამოაქვეყნა და გაირკვა, რომ საქართველო კანდიდატ მოლდოვასაც და კანდიდატ ბოსნიასაც დიდი უპირატესობით უსწრებდა, აღნიშნა კობახიძემ.
„შუალედში, ამ გულწრფელმა ახალგაზრდამ გააზიარა სხვადასხვა სტილის ნაციონალების არაერთი განცხადება იმის შესახებ, რომ ამ ხელისუფლებით საქართველო ვერასოდეს მიიღებდა კანდიდატის სტატუსს. თუმცა, დღემდე ეს პოსტებიც კი არ წაუშლია, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი „ქართული ოცნების“ პირობებში უკვე მიიღო“, - ნათქვამია წერილში.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, გასული წლის დეკემბერში ის არ მივიდა აქციაზე, სადაც ხელისუფლებამ და ევროკავშირის ელჩებმა კანდიდატის სტატუსი ერთად აღნიშნეს.
„მოკლედ, ამდენი შეცდომის მიუხედავად, ეს ჩვენი გულწრფელი ახალგაზრდა დღესაც აქციაზე დგას. არც ქართული კანონი წაუკითხავს და მით უმეტეს, არც რუსული, თუმცა, აქვს რწმენა, რომ ქართული კანონი რუსულია“, - აღნიშნა პრემიერმა.
ამ ყველაფრის ფონზე, პრემიერის თქმით, დღის წესრიგში დგება საკითხი: ვის უნდა გაჰყვეს ხელისუფლება - საშუალო ინტელექტის მქონე ამ გულწრფელ ახალგაზრდას და მის თანამოაზრეებს, თუ იმ ახალგაზრდა, საშუალო ასაკის და ასაკოვან ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც გასული 3 წლის მანძილზე მოვლენებს სწორად აანალიზებდნენ, არცერთ ხელოვნურად შემოგდებულ პროვოკაციას არ აჰყვნენ და სახელმწიფოს სიმყარის შენარჩუნებაში დაეხმარნენ?
პრემიერის თქმით, ერთი თვის წინ ჩატარდა კვლევა, რომელმაც აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებას“ მარტში ამომრჩევლის 61,3 პროცენტი უჭერდა მხარს. ამასთან, კობახიძის ინფორმაციით, მაღალი ინტელექტის მქონე ამომრჩეველში მმართველი პარტიის მხარდაჭერა 73,8 პროცენტი იყო, ხოლო საშუალო ინტელექტის მქონე ამომრჩეველში - მხოლოდ 45,6 პროცენტი.
„ზოგადად, სახელმწიფოსთვის ყველაზე საშიში საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანების დომინირებაა, რასაც დანინგ-კრუგერის თეორიაც ადასტურებს. ამ თეორიის თანახმად, საშუალო ინტელექტისა და ცოდნის მქონე ადამიანს ახასიათებს თავდაჯერებულობის ყველაზე მაღალი ხარისხი“, - აღნიშნა პრემიერმა.
დანინგ–კრუგერის ეფექტი — კოგნიტური ტენდენცია, როდესაც არაკვალიფიციური ადამიანები განიცდიან მოჩვენებით უპირატესობას სხვათა მიმართ, არასწორად აფასებენ თავიანთ შესაძლებლობებს და საკუთარ თავს ანიჭებენ საშუალოზე ბევრად უფრო მაღალ დონეს, შედეგად კი ხშირად მცდარ დასკვნებს და წარუმატებელ არჩევანს აკეთებენ.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრემიერი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ხელისუფლებამ უნდა იმოქმედოს არა ამ გულწრფელი ახალგაზრდის მოთხოვნების მიხედვით, არამედ 29 აპრილს „ქართული ოცნების“ აქციაზე მოსული 200 ათასი ახალგაზრდა, საშუალო ასაკისა და ასაკოვანი ადამიანის კარნახით.
„ ჩვენ ვიმოქმედებთ ქართველი ამომრჩევლის 60 პროცენტზე მეტის დაკვეთით, რომელიც „ენჯეოების“ გამჭვირვალობას და შესაბამისად, საქართველოს მშვიდობიან მომავალს მყარად და გააზრებულად უჭერს მხარს“, - აღნიშნა კობახიძემ.
რაც შეეხება გულწრფელობას, კობახიძის თქმით, მას მხოლოდ მაშინ აქვს ფასი, როდესაც მას ცოდნა და ინტელექტი ამყარებს. ამასთან, მთავრობის მეთაურმა გულწრფელად სთხოვა ყველა იმ გულწრფელ ახალგაზრდას, რომელიც არასწორ გზაზე დგას, კრიტიკულად შეაფასოს თავისი წარსული ნაბიჯები, რათა მომავალში მსგავსი შეცდომები არ დაუშვას.
„ყველა გულწრფელ ახალგაზრდას ვთხოვ, კარგად გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ, რადგან ევროკავშირში შესვლა მხოლოდ ღირსებით არის შესაძლებელი. 2030 წლისთვის საქართველო სწორედ ღირსებით გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა, როგორც დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფო“, - დაწერა ირაკლი კობახიძემ.
„ქართულმა ოცნებამ" სკანდალური კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან პარლამენტთან საპროტესტო აქციებს მართავენ.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.