ძალადობამ არ უნდა მიიღოს მასობრივი ხასიათი - ლევან იოსელიანი

© courtesy of Levan Ioselianiლევან იოსელიანი
ლევან იოსელიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2024
გამოწერა
ფაქტები მოითხოვს სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას, აღნიშნა ომბუდსმენმა
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ძალადობის ფაქტებს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს სახელმწიფოსგან, რათა მასობრივი ხასიათი არ მიიღოს, ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებაში.
8 მაისს უცნობი თავდამსხმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ საქართველოში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დიმიტრი ჩიქოვანს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ბაიკერ ლაშა ღვინიანიძეს, ასევე პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის ძმას.
„მნიშვნელოვანია ყოველ ასეთ ძალადობას სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი და სათანადო პასუხი გაეცეს და ასეთმა შემთხვევებმა მასობრივი ორგანიზებული დევნისა და ძალადობის სახე არ მიიღოს, რაც შეუთავსებელია ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებთან“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
სახალხო დამცველმა ყველას კატეგორიულად შეახსენა, რომ რაც არ უნდა მიუღებელი იყოს განსხვავებული და კრიტიკული აზრი, ადამიანების დევნა, მათი ოჯახის წევრების, არასრულწლოვანი შვილების დაშინება, მოქალაქეებთან ფიზიკური ანგარიშსწორება დანაშაულებრივ ქმედებას წარმოადგენს.
ასეთი ფაქტები შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოებისგან მყისიერ და ეფექტურ რეაგირებას მოითხოვს, აღნიშნა ომბუდსმენმა.
სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდეს სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ მყისიერი რეაგირება და განხორციელებულ ღონისძიებებზე ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, დიმიტრი ჩიქოვანი, ისევე როგორც გია ჯაფარიძე, კვლავ კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ოპოზიციური მედიის ცნობით, ორივე დაზარალებულს ტვინის შერყევა აქვს და ისინი იძულებული არიან კლინიკაში ორშაბათამდე დარჩნენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული. აქციების ორგანიზატორები იმედოვნებენ, რომ პროტესტი ადამიანურ მსხვერპლს გამოიწვევს, განაცხადეს სუსში.
ყველა ახალი ამბავი
0