რას გულისხმობს ძალადობაში მონაწილეთა მონაცემთა ბაზის შექმნა? პაპუაშვილის განმარტება
© Courtesy of Shalva Papuashviliშალვა პაპუაშვილი
© Courtesy of Shalva Papuashvili
გამოწერა
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ გადაწყვიტა შექმნას მონაცემთა ბაზა, რომელშიც მოხვდებიან აგრესიით გამორჩეული პირები და ისინი, ვინც ახალისებს შანტაჟს და ძალადობას.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ შექმნის სპეციალურ ვებგვერდს, რომლის მეშვეობითაც ამხელს ძალადობრივ ქმედებებსა და მუქარაში გარეულ ადამიანებს, რათა საზოგადოებამ შეძლოს ამ პირებზე საკუთარი აზრის ჩამოყალიბება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ მიმდინარე საპროტესტო აქციებისა და სოციალური ქსელების ქართულ სეგმენტში გამართული საინფორმაციო ომის ფონზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭომ მონაცემთა ბაზის შექმნა გადაწყვიტა, რომელშიც მოხვდებიან აგრესიით გამორჩეული პირები და ისინი, ვინც ახალისებს შანტაჟს და ძალადობას.
„პარტიამ და პოლიტსაბჭომ მიიღო გადაწყვეტილება შექმნას ბაზა, ვებგვერდი, სადაც მხილებული იქნება ყველა ის ადამიანი, რომელიც საჯაროდ ჩანს, როგორ ახორციელებენ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებენ სხვებზე. ჩვენ ვხედავთ მუქარას, შანტაჟს და ამას ისინი აკეთებენ საჯაროდ. შემდეგ საზოგადოება, რა თქმა უნდა, განსჯის ამ ადამიანებს და მათთან მიმართებით თავის აზრს დააფიქსირებს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, მთავარი იდეა არის იმ კამპანიის მორალური შეფასება, რომელიც ოპოზიციურმა პარტიამ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო.
„მნიშვნელოვანია მორალური შეფასება იმ კამპანიისა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობას“ აქვს წამოწყებული - ზიზღის მუქარის, შანტაჟის და ზეწოლის კამპანია, როგორც ცალკეულ ადამიანებზე, ისე მათი ოჯახის წევრებზე”, -აღნიშნა სპიკერმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ იყოს გამჭვირვალე, ვინ დგას მთელი ამ კამპანიის უკან.
სპეციალური ვებგვერდის შექმნის მიზეზად პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში პროტესტის კულტურის ცვლილება დაასახელა.
„მინდა აღვნიშნო, რომ მიმდინარე მიტინგებმა დაგვანახა, რომ ეს პროცესები გასცდა მშვიდობიანი პროტესტის ყოველგვარი კულტურის ჩარჩოებს, რომელიც არსებობდა საქართველოში და რომელსაც „ნაცმოძრაობა” ანგრევს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციები, პრაქტიკული გამეორებაა იმ მიტინგების, რომელიც ჯერ 2019 წლის ივნისში, შემდეგ კი ნოემბერში გადაიზარდა პარლამენტზე შტურმის მცდელობაში.
„ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით იმით, რომ მიტინგების დროს ხიდან ფოთოლიც კი არ ცვივა, მაგრამ ის, რასაც დღეს ვხედავთ და რაც ვნახეთ ამ დღეებში, მათ შორის ძალადობრივი თავდასხმები და საქართველოს პარლამენტზე შტურმი, პარლამენტის უკანონო პიკეტირება, რაც არის 2019 წლის 20 ივნისისა და 2019 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციების განმეორება, რომელიც ასევე ორგანიზებული იყო „ნაციონალური მოძრაობის მიერ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამჯერად საპროტესტო აქციებზე ძალადობამ ახალი სახე მიიღო.
„გარდა ამისა, სამართალდამცველებსა და სამთავრობო დაწესებულებებზე თავდასხმების გარდა, ჩვენ ვხედავთ ადამიანებზე თავდასხმას - გმირთა მოედანზე გზის გადაკეტვის დროს მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი კონფლიქტები, მათ შორის ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა მათი მისამართით, ვინც არ არის ჩართული და უკმაყოფილოა პროტესტით“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარემ ძალადობის კიდევ ერთი ფორმა უწოდა ქართულ საზოგადოებაში ცნობილ ადამიანებზე ზეწოლას.
„ჩვენ ვხედავთ შანტაჟს და ზეწოლას ხელოვნების წარმომადგენლებზე და სპორტსმენებზე, პოლიტიკოსებზე, სხვა ცნობილ ადამიანებზე და მათი ოჯახის წევრებზე. თქვენ იცით, როგორი ზეწოლა ხდება მათზე, რომ მათ დააფიქსირონ „ნაცმოძრაობისა“ და ამ აქციების ორგანიზატორებისთვის სასურველი პოზიცია. ისინი გადავიდნენ ცენზურაზე ტერორის მეთოდებით და თუ რომელიმე ფრაზაში თუნდაც ერთი სიტყვა არ დაემთხვევა, ისინი ამ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების დამატებით მორალურ ტერორზე გადადიან “, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, დროა დასრულდეს მოჩვენებითი ანონიმურობა სოციალურ ქსელებში.
„სოციალურ ქსელში საზოგადოება ხედავს განსაკუთრებულ მოწოდებას ძალადობისკენ, ზიზღის ენას, შანტაჟს და მუქარას, ადამიანებს ჩამოყალიბებული აქვთ ანონიმურობის ხანდახან ყალბი შეგრძნება, თითქოს რაღაც კერძო საუბარს აქვს ადგილი. არადა, ეს გამოსვლები და მოწოდებები სოციალური ქსელში იქნება თუ სხვა ასეთ ღონისძიებებზე, იგივე არის, რაც საჯარო განცხადება”, -თქვა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ ადამიანებს შეექმნათ მოსაზრება, რომ მათი სიძულვილის ენა სოციალურ ქსელებში არის პირადი საუბარი.
„ვფიქრობ, რომ ადამიანები, რასაც საჯარო განცხადებებში ერიდებიან, იმას არ ერიდებიან ხოლმე კერძო საუბრებში. მგონის, რომ მათ ჩამოუყალიბდათ ისეთი შთაბეჭდილება, რომ სოციალურ ქსელში ზიზღის ენა, მათ შორის ფაშისტური მოწოდებებიც კი გარიყვასთან დაკავშირებით არის კერძო საუბარი”, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლებმა გაიგონ, რომ ეს ყველაფერი საჯარო განცხადებებია.
„მნიშვნელოვანია, ადამიანები დაფიქრდნენ, რომ ეს არ არის სადღაც ოთახში უბრალოდ ნათქვამი სიტყვები, არამედ ეს არის საჯარო განცხადებები, რომელიც შემდეგ აღვივებს ზიზღს, საზოგადოებაში დაპირისპირებას, ახდენს მორალურ ტერორს სხვა ადამიანებზე, მათ ოჯახის წევრებზე. როდესაც საზოგადოებას ამაზე რეაქცია და მათ ქმედებებზე მორალური შეფასება ექნება, ეს ადამიანებიც მოერიდებიან მსგავსი სახის ქმედებებსა და განცხადებებს”, - განაცხადა პოლიტიკოსმა.
8 მაისს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია პროვოკაციების მომზადების შესახებ, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ"კანონპროექტის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციებზე უცხოეთიდან დაფინანსებული პოლიტიკური ლიდერებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ძალადობრივი სცენარების განვითარებისკენაა მიმართული.