კობიაშვილი: ფეხბურთელებზე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება

© courtesy of Levan Kobiashviliლევან კობიაშვილი
ლევან კობიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2024
გამოწერა
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ნაკრები და ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე ევროპის ჩემპიონატზე უმნიშვნელოვანეს გამოსვლამდე რამდენიმე კვირით ადრე წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა ხორციელდება, დაწერა სოციალურ ქსელში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
ქართველ სპორტსმენებსა და ხელოვანებზე შანტაჟი, ზეწოლა და თავდასხმები ხორციელდება, მათ სთხოვენ დააფიქსირონ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა ორგანიზატორებისთვის სასურველი პოზიცია, აცხადებენ ხელისუფლებაში. შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია, რომელმაც თბილისში გამართული აქციების საჯარო შეფასებისას სკანდალურ კანონპროექტს „რუსული“ არ უწოდა, კანონის მოწინააღმდეგეების მხრიდან შეურაცხყოფა და თავდასხმა „დაიმსახურა".
„წარმოუდგენელი მასშტაბის ზეწოლა, თავდასხმა და შეურაცხყოფა ხორციელდება ჩვენს ბიჭებზე, ფეხბურთელებზე, იმ ადამიანებზე, რომლებმაც სულ რაღაც რამდენიმე კვირაში, პირველად ისტორიაში, სრულიად დამსახურებულად და ღირსეულად საქართველოს დროშა უნდა ჩაიტანონ ევროპის შუაგულში, გერმანიაში და წარადგინონ ჩვენი ქვეყანა", - დაწერა კობიაშვილმა.
ფედერაციის პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ნაკრები და ფეხბურთელები წარმოადგენენ საქართველოს, ქართველ ხალხს და მათთვის შეურაცხყოფის მიყენება ქვეყნისა და მოსახლეობის შეურაცხყოფაა.
„დღესაც სხვადასხვა სოციალურ ქსელსა და მედიასაშუალებაში ვხედავთ და კიდევ ერთხელ დასტურდება კონკრეტული მავნებელი ოპოზიციური ლიდერების მიერ განხორციელებული გაუგონარი თავდასხმები და შეურაცხყოფის დონე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების და ფეხბურთელების მიმართ. განსაკუთრებით აქტიურობენ და ამ პროცესებს სრულად მართავენ ისინი, ვისაც რეალურად არც ფეხბურთი აინტერესებს და არც საქართველოს გამარჯვება", - აღნიშნა კობიაშვილმა.
მისი თქმით, დღეს ფეხბურთელებს შეურაცხყოფას აყენებენ ის პირები, რომლებიც წლების წინ, როდესაც დღევანდელი სპორტსმენები ჯერ კიდევ ბავშვები იყვნენ, მათთვის განკუთვნილ მოედნებს და სტადიონების ანგრევდნენ და ფეხბურთელებს – პროფესიულ მომავალს, ჩვენს ქვეყანას კი ქართული სპორტის პროფესიულ მომავალს უნადგურებდნენ.
„ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც 26 მარტის წარმატების შემდეგ სხვადასხვა ეთერში ნაკრების მაისურით რომ გამოგვეცხადნენ და საუბრობდნენ ამ დიდ წარმატებაზე, თითქოს უხაროდათ. არადა გულწრფელად მჯერა, რომ შინაგანად მოწინააღმდეგე გუნდების მაისურები ეცვათ", - განაცხადა კობიაშვილმა.
ეს არიან ადამიანები, რომლებიც დღეს ფეხბურთელებს ლანძღავენ და ცდილობენ ისინი გამოიყენონ საკუთარი მიზნებისთვის. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც როგორც ადრე, ახლაც ცდილობენ ერთიანობის და გუნდურობის დანგრევას, აღნიშნა სფფ-ის პრეზიდენტმა.
კობიაშვილის თქმით, საჭიროა საზოგადოებაში საღი აზრი არ დაიკარგოს და ფეხბურთელებს საკუთარ საქმეზე კონცენტრირების საშუალება მიეცეთ.
„დამიჯერეთ, როგორც პროფესიონალმა ფეხბურთელმა, ვიცი, რომ ფიზიკურ მზაობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მენტალური მზაობა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშებისთვის. აცადეთ ბიჭებს, კონცენტრირდნენ საქვეყნო საქმეზე", - განაცხადა კობიაშვილმა.
კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვუწოდებ პოლიტიკურ ჯგუფებს, ნუ მისცემენ თავს უფლებას, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საკუთარი, ვიწროპარტიული ინტერესების სასარგებლოდ გამოიყენონ, დასძინა კობიაშვილმა.
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშებს - 26 მარტს თბილისში გამართულ ევრო 2024-ის შესარჩევი ეტაპის ერთა ლიგის პლეი-ოფის ფინალში ეროვნულმა გუნდმა საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში ანგარიშით 4:2 დაამარცხა და საგზური მოიპოვა. საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთის, პორტუგალიისა და ჩეხეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდა.
სკანდალური კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლებას კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
თბილისში 15 აპრილიდან საპროტესტო აქციები იმართება, 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა უკვე არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს და ბოთლებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
საპროტესტო აქციაზე არეულობის დროს ათობით ადამიანი დაშავდა, რომელთა უმეტესობას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ადგილზე გაეწია. შსს-ს ინფორმაციით, დაშავდა ექვსი სამართალდამცველი, 63 მომიტინგე კი დააკავეს.
ყველა ახალი ამბავი
0