დეპუტატი: სანქციებით მუქარა ვერავის შეაშინებს

© Parliament of Georgiaანრი ოხანაშვილი
ანრი ოხანაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2024
გამოწერა
პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, აღნიშნა ოხანაშვილმა.
თბილისი, 7 მაისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ქვეყნისადმი, ამიტომაც სანქციების შემოღების შესახებ მუქარა არავის შეაშინებს, განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა.
ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით მოუწოდა ევროპულ საბჭოს, არ გახსნას საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები, სანამ დღის წესრიგში დგას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება. რეზოლუციაში შეტანილ ცვლილებებში კი საუბარია უვიზო რეჟიმის გადახედვის აუცილებლობაზე, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და ასევე ლგბტ* პროპაგანდის აკრძალვის ინიციატივის გაწვევაზე.
„ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება ჩვენი სამშობლოსადმი, ამიტომაც სანქციების საფრთხე არავის შეაშინებს. შეიძლება წარმოიშვას საკითხები, რაზეც პარტნიორები ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს და არ აძლევს პარტნიორს უფლებას უხეშად ჩაერიოს ქვეყნის საშინაო საქმეებში“, - განაცხადა ოხანაშვილმა.
დეპუტატის თქმით, სანქციების შემოღების თაობაზე მუქარები არ იმუშავებს. პარტნიორობა ნიშნავს თანასწორობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს, აღნიშნა ოხანაშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
სკანდალური კანონპროექტის მოწინააღმდეგეები მას „რუსულ კანონს უწოდებენ", ხოლო საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს, რომლებმაც მოახდინეს მისი ინიცირება და ხმა მისცეს - მონებს. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ, 30 აპრილიდან მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები კანონის გაწვევას მოითხოვენ. ხელისუფლება კი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0