საეკლესიო კალენდარი: 6 მაისი

© photo: Sputnik / Stringerსამებას ტაძარი
სამებას ტაძარი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2024
გამოწერა
საქართველოს მართლმადიდებებლი ეკლესია 6 მაისს წმინდა გიორგის და ასევე მოწამეების: ალექსანდრა დედოფლის, მისი ასული ვალერიას, ანატოლისა და პროტოლეონის ხსენების დღეს აღნიშნავს.
„Sputnik საქართველო“ გიამბობთ, ვინ იყვნენ ეს წმინდანები და რატომ არიან მოხსენიებულები საეკლესიო კალენდარში.
წმიდა დიდმოწამე გიორგი
წმიდა, დიდებული, დიდმოწამე, ძლევამოსილი და საკვირველთმოქმედი გიორგი მე-3 საუკუნის მეორე ნახევარში დაიბადა კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში. მამამისი მოწამეობრივად აღესრულა. დაქვრივებული დედა კაბადოკიიდან თავის სამშობლოში წავიდა და იქ განაგრძო შვილის ქრისტიანულად აღზრდა.
ჭაბუკი გიორგი რომის ლაშქარში განმწესდა მხედრად. მამაცმა და უშიშარმა მეომარმა მალე იმპერატორ დიოკლეტიანეს (284-305) ყურადღება მიიპყრო. მან თავის პირად მცველად დანიშნა წმიდა გიორგი და მხედართმთავრის მაღალი წოდებაც უბოძა.
კერპთაყვანისმცემელმა იმპერატორმა თავისი განმგებლობის ბოლო წლებში სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა ქრისტიანობას. სენატის საბჭოზე ნიკომიდიაში მან სრული თავისუფლება მიანიჭა პროვინციის მმართველთ ქრისტეს მიმდევართა დასასჯელად და თავის მხრივ მხარდაჭერაც აღუთქვა.
წმიდა გიორგიმ ეს რომ შეიტყო, გაათავისუფლა თავისი მონები, ქონება გლახაკთ დაურიგა, სენატში გამოცხადდა, საჯაროდ აღიარა ქრისტიანობა და ყველა იქ მყოფსაც მოუწოდა, მიეღოთ ეს ჭეშმარიტი სარწმუნოება.
სიღნაღის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
საეკლესიო კალენდარი: 5 მაისი
თავისი საყვარელი მხედართმთავრის ამ კადნიერი სიტყვით თავზარდაცემულმა დიოკლეტიანემ სცადა დაერწმუნებინა იგი, განდგომოდა ქრისტეს და მსხვერპლი შეეწირა კერპებისათვის. წმიდა აღმსარებელმა მტკიცედ მიუგო: „ვერავითარი ამსოფლიური დიდება ვერ შეანელებს ჩემს სურვილს ვემსახურო ჭეშმარიტ ღმერთს“. განრისხებული მბრძანებლის განკარგულებით მეომრები შეეცადნენ შუბის კვრით გაეყვანათ იგი დარბაზიდან, მაგრამ წმიდანის სხეულზე შეხებისას რკინა რბილდებოდა და იდრიკებოდა.
საპყრობილეში მას ფეხებზე ხუნდები, მკერდზე კი დიდი ლოდი დაადეს და დილამდე ასე ამყოფეს. მეორე დღეს ნაწამები წმიდა გიორგი ისევ იმპერატორს წარუდგინეს:. განრისხებულმა იმპერატორმა ბრძანა, ყველაზე მძიმე სატანჯველით ეწამებინათ იგი. დიდმოწამე მბრუნავ ბორბალზე დააკრეს, რომლის ქვეშაც წვერბასრი რკინის მახვილებიანი ძელები დაედოთ. სხეულდასერილმა წმიდანმა ჯერ ხმამაღლა ჰხადა უფალს,: შემდეგ კი დადუმება არჩია. დიოკლეტიანემ იფიქრა, უკვე აღესრულაო, უბრძანა ჩამოეხსნათ სხეული ბორბლიდან. თვითონ კი აპოლონის ბომონს მიაშურა სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად.
მოულოდნელად სრულიად ჩამობნელდა, ჭექა-ქუხილმა შეაზანზარა ქვეყანა, ცოტა ხნის შემდეგ მაღლიდან მოისმა ხმა: „ნუ გეშინინ, გიორგი, მე შენთანა ვარ!“ ბორბალთან უჩვეული ნათლითმოსილი ჭაბუკი გამოჩნდა, ხელი შეახო მოწამეს, უთხრა: „გიხაროდენ!“ და გაუჩინარდა, წმიდა გიორგი სრულიად უვნებელი წამოდგა ბორბლიდან და თაყვანი სცა ჭეშმარიტ ღმერთს.
ამის მხილველმა განცვიფრებულმა მეომრებმა წმიდა გიორგი მაშინვე საკერპოში წაიყვანეს, იმპერატორთან. დიოკლეტიანემ თვალებს არ დაუჯერა, როცა საღ-სალამათი მოწამე იხილა, ვერც მისანმა ათანასემ დამალა გაოცება. მომხდარი სასწაულით გამხნევებულმა საიმპერატორო კარის ორმა წარჩინებულმა მოხელემ - ანატოლიმ და პროტოლეონმა, რომლებიც მანამდე მალავდნენ ქრისტიანობას, საჯაროდ აღიარეს სარწმუნოება და იმწამსვე დიოკლეტიანესაგან თავის მოკვეთაც მიესაჯათ.
თვით დიოკლეტიანეს მეუღლე ალექსანდრაც ხმამაღლა განადიდებდა ქრისტეს და მზად იყო გაეზიარებინა მის თვალწინ წამებულ დიდებულთა ხვედრი, მცველებს სასწრაფოდ, ძალით რომ არ წაეყვანათ სასახლეში.
ამის შემდეგ იმპერატორი კიდევ უფრო სასტიკი გახდა. მისი განკარგულებით წმიდა გიორგი ღრმა ორმოში ჩააგდეს და თავზე გამოუწვავი გახურებული კირი დააყარეს, ხოლო როცა სამი დღის შემდეგ კირი ამოყარეს და წმიდანი სრულიად უვნებელი იხილეს, იმპერატორისავე ბრძანებით მას წვერწამახული ლურსმნებგაჩრილი რკინის გავარვარებული ჩექმები ჩააცვეს და ცემით წაიყვანეს საპრყობილემდე.
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
საეკლესიო კალენდარი: 4 მაისი
მეორე დღეს, როცა დიოკლეტიანემ კვლავ ისურვა წმიდა გიორგის ნახვა, წამებულმა დაუზიანებელი ფეხი უჩვენა და ღიმილით უთხრა, ჩექმა ძალიან მომეწონაო.
მისნის რჩევით დიოკლეტიანემ წმიდა გიორგის უბრძანა, ქრისტიანული სარწმუნოების ჭეშმარიტების დასამტკიცებლად მიცვალებული აღედგინა მკვდრეთით. წმიდანი საფლავთან მიიყვანეს. მან უფალს შეჰღაღადა, მიწა იძრა, საფლავი გაიხსნა და მიცვალებული მკვდრეთით აღდგა.
გამძვინვარებულმა დიოკლეტიანემ, წმიდა გიორგი კი კვლავ საპრყობილეში ჩააგდო, რათა მეორე დღესვე სიკვდილით დაესაჯა იგი, თუკი საბოლოოდ არ უარყოფდა ქრისტეს. წმიდა გიორგი აღესრულა 303 წლის 23 აპრილს. მას დიოკლიტიანეს ბრძანებით თავი მოჰკვეთეს.
წმიდა გიორგის სხეული დაკრძალეს პალესტინის ქალაქ რამლაში, კონსტანტინე დიდის მეფობის დროს კი გადაასვენეს წმიდანის სახელზე აშენებულ დიდ ტაძარში, ქალაქ ლიდაში. წმიდა გიორგი ეწამა 30 წლის ასაკში და ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
წმიდა მოწამენი: დედოფალი ალექსანდრა და ვალერია
წმიდა ალექსანდრა დედოფალი და ვალერია (+314). წმიდა გიორგის წამების ამსახველ პირველ აქტებში წერია, რომ დიოკლეტიანეს მეუღლე, წმიდა ალექსანდრა გარდაიცვალა წმიდა გიორგის წამების დღეს. სინამდვილეში, მან მოწამეობრივი გვირგვინი მიიღო მოგვიანებით, 314 წელს.
ამ ხნის განმავლობაში მრავალი მოვლენა მოხდა. 305 წელს იმპერატორმა დიოკლეტიანემ უარი განაცხადა ტახტზე და ძალაუფლება გადავიდა მისი თანამმართველის, ფანატიკოსი წარმართის, უხეში და სასტიკი მხედრის, მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) ხელში. მისი მეუღლე იყო წმიდა ალექსანდრე დედოფლის ასული წმიდა მოწამე ვალერია, რომელიც დიოკლეტიანემ მისი სურვილის გარეშე გაათხოვა.
წმიდა ალექსანდრა ქალიშვილს ქრისტიანული ღვთისმსახურებით ზრდიდა. როდესაც გალერიუსი გარდაიცვალა, იმპერატორმა მაქსიმიანემ ხელი სთხოვა წმიდა ვალერიას. ქრისტიანი ქალის უარით განაწყენებულმა მაქსიმიანემ წმიდა ვალერია სირიაში გადაასახლა, სადაც დედასთან ერთად ცხოვრობდა. მაქსიმიანეს სიკვდილის შემდეგ, 313 წელს იმპერატორ ლიკინიუსის (313-324) მოწყალებაში დაიმედებული დედა-შვილი ნიკომიდიაში ჩავიდა.
წმიდა მოციქულთასწორ კონსტანტინესთან ერთად ლიკინიუსმა ხელი მოაწერა მილანის ედიქტს, რომელიც ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლებას ანიჭებდა, მაგრამ სინამდვილეში ქრისტიანობის მტრად დარჩა. ლიკინიუსმა ბრძანა, სიკვდილით დაესაჯათ წმიდა ალექსანდრა დედოფალი და მისი ასული წმიდა ვალერია. მოწამეებს თავი მოჰკვეთეს.
წმიდა მოწამენი: ანატოლი და პროტოლეონი
წმიდა მოწამენი ანატოლი და პროტოლეონი (303) ქრისტიანობაზე მოიქცნენ წმიდა დიდმოწამე გიორგის მხნეობისა და სასწაულების ხილვის შემდეგ. იმპერატორ დიოკლეტიანეს ბრძანებით მათ მახვილებით მოჰკვეთეს თავი.
მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.
ყველა ახალი ამბავი
0