პაპუაშვილი: დასავლური ფონდები ირიბად აფინანსებენ პოლიტიკურ პარტიებს საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2024
გამოწერა
სპიკერის თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების საზღვარგარეთიდან დაფინანსებას
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ამერიკული „დემოკრატიის ეროვნული ფონდის" (NED) და „დემოკრატიის ევროპული ფონდის" (EED) მიერ გამოყოფილი თანხები საქართველოში იმ ფიქტიური არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებზე ხვდება, რომლებსაც პოლიტიკური პარტიები მართავენ, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ აუცილებელია ქვეყანამ მიიღოს კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც გამჭვირვალეს გახდის არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსების საკითხს. ხელისუფლების განცხადებით, გამოყოფილი თანხების ნაწილი „რადიკალური ოპოზიციის“ დაფინანსებაზე მიდის. ოპოზიციონერები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც აღნიშნული კანონის მიღებას ეწინააღმდეგეებიან, თბილისის ცენტრში 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
„NED-ი და EED-ი საქართველოში, არაპირდაპირ, პოლიტიკურ პარტიებსაც აფინანსებენ, ვინაიდან მათი ფინანსები იმ ყალბი არასამთავრობოების ანგარიშებზე ხვდება, რომლებიც პოლიტიკური პარტიების მიერ არიან მართული და გამოიყენებიან, როგორც უცხოური ფულის გათეთრების მექანიზმები, რომლებითაც დემოკრატიული დახმარება პოლიტიკურ ფულად იქცევა", - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, საქართველოს კანონმდებლობა ცალსახად კრძალავს პოლიტიკოსების საზღვარგარეთიდან დაფინანსებას, რაც ასევე საერთაშორისო ნორმაა.
„ამ პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების სახელები საზოგადოებამაც კარგად იცის და დონორებმაც, რადგან ეს ინფორმაცია მათ არაერთხელ მივაწოდეთ", - დაწერა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ერთი წლის წინ მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ სკანდალური კანონპროექტი გაიწვია სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე - დაფინანსება საჯარო გახდებოდა ქართული საზოგადოებისთვის.
პარლამენტის თავმჯდომარემ როგორც აღნიშნა, NED-სა და EED-ის დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა.
„მას შემდეგ რამდენჯერმე ვთხოვეთ NED-სა და EED-ს ჩვენთან ეთანამშრომლათ. მათი დაფინანსება საქართველოში პრობლემურია, რადგან გაუმჭვირვალეა. ჩვენი ავტორიტეტული უცხოელი კოლეგები კერძო საუბრებში ამას აღიარებენ. ისინი, ასევე, აღიარებენ, რომ ზოგიერთი გრანტი პრობლემურია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მიმართ ერთგულების კონტექსტშიც", - აღნიშნა პოლიტიკოსმა.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების ნაწილი იმ რადიკალური ორგანიზაციებზე მიდის, რომლებიც კავშირში არიან ბოლო დღეების ძალადობრივ მოვლენებთან, მათ შორის პარლამენტზე თავდასხმაში.
როგორც პარლამენტის სპიკერმა განმარტა, თანხების ნაწილი პოლარიზაციის გაღრმავებასა და კანონიერების დაზარალებას ხმარდება.
მისი თქმით, მთავრობა მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მაგრამ NED და EED უნდა გადაერთონ იმაზე, რისთვისაც არიან მოწოდებული, რაც არის დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ხელშეწყობა და არა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის დაფინანსება.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, NED-ის პრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა ცოტა ხნის წინ მიმართა ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
ანალოგიური განცხადება გააკეთა ევროპარლამენტის წევრმა დევიდ მაკალისტერმა, რომელმაც პროტესტს სოლიდარობა გამოუცხადა.
„ბატონი მაკალისტერი ხელმძღვანელობს „დემოკრატიის ევროპულ ფონდს", რომელიც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებს ევროპელი გადასახადების გადამხდელების ფულით აფინანსებს“, - დაწერა პაპუაშვილმა.
წამყვანი ოპოზიციური პარტიები და ცნობილი არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ სიბრტყეზე აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ და 15 აპრილიდან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს მართავენ.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
კანონის მიღების წინააღმდეგ გამოვიდნენ როგორც ხელისუფლების ოპონენტები, ისე საქართველოს პრეზიდენტი, ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
ყველა ახალი ამბავი
0