პაპუაშვილი: არც ერთმა საელჩომ არ დაგმო მომიტინგეების თავდასხმები პარლამენტის შენობაზე

© photo: Sputnik / Stringerაქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი
აქციის დაშლა. 2024 წლის 1 მაისი - Sputnik საქართველო, 1920, 04.05.2024
გამოწერა
საპროტესტო აქციები 30 აპრილსა და 1 მაისს არეულობაში გადაიზარდა
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სინანულით აღნიშნა, რომ არც ერთმა საელჩომ არ დაგმო აქციის მონაწილეების თავდასხმები საკანონმდებლო ორგანოს შენობაზე და მეტიც, ამას მშვიდობიანი პროტესტი უწოდა.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„სამწუხაროდ, არც ერთმა უცხოურმა საელჩომ და საერთაშორისო დონორმა ორგანიზაციამ არ დაგმო ძალადობის შემთხვევები. მეტიც, ბევრმა მათგანმა ძალადობრივ თავდასხმებს "მშვიდობიანი"’ უწოდა. სამწუხარო გამოცდილება გვასწავლის, რომ ძალადობის წაყრუება მომავალში მეტ ძალადობას ახალისებს“, - დაწერა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელ Х-ში.
მან აღნიშნა, რომ „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ ახალგაზრდულ აქციაზე დემონსტრანტების უკანონო ქმედებების უკან ოპოზიციური პარტიები და არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია დგანან.
„ბოლო დღეებში მოწმენი გავხდით აღელვებული ახალგაზრდების ჯგუფების მიერ პარლამენტზე თავდასხმისა, რომლებსაც აორგანიზებდნენ, მიუძღოდნენ და აქეზებდნენ რადიკალური ოპოზიციური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ჯგუფი, - დაწერა პაპუაშვილმა.
თავის მხრივ პოლიცია, მისი თქმით, ძირითადად პარლამენტის შენობის დაცვით შემოიფარგლებოდა.
პოლიციის ფორმის ჩაცმას გეგმავდნენ: შსს-მ თბილისში აქციის მონაწილეების გეგმები გახსნა>>
„ძალას მხოლოდ პარლამენტის შესასვლელების დაცვისა და შენობაში შეჭრის აღსაკვეთად იყენებდა. ოთხშაბათს კი, როდესაც პარლამენტზე თავდასხმა განსაკუთრებულად ძალადობრივი იყო, პოლიცია მხოლოდ პარლამენტის შიდა პერიმეტრზე მოქმედებდა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს არავინ უშლიდა პარლამენტის გარშემო ქუჩებში გადაადგილებას.
„მიუხედავად იმისა, რომ თავდამსხმელების გადაადგილების და გამოხატვის თავისუფლებისათვის წინააღმდეგობა არავის შეუქმნია, ისინი მაინც უტევდნენ და ვანდალურად აზიანებდნენ პარლამენტს, რომელიც ქართული დემოკრატიის ყველაზე მთავარი ინსტიტუტი და სიმბოლოა“, - დაწერა პაპუაშვილმა.
პარლამენტთან არეულობების შედეგად ჰოსპიტალიზაცია რვა პოლიციელს დასჭირდა, ერთ-წერთ მათგანს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
„ვწუხვარ, რომ საქართველოს პარლამენტსა და უცხოურ საელჩოებსა და დონორებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად, არავინ გამოიჩინა საკმარისი კეთილი ნება და კეთილსინდისიერება, რომ ადეკვატურად შეეფასებინა საქართველოს ეროვნული ინსტიტუტების საწინააღმდეგო ძალადობა”, - წერს შალვა პაპუაშვილი.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ყველა ახალი ამბავი
0