დესტაბილიზაცია თუ მშვიდობიანი პროტესტი თბილისში: პოლიტიკოსებმა მომხდარი შეაფასეს

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის 2 მაისის ღამე
საპროტესტო აქცია თბილისში. 2024 წლის 2 მაისის ღამე - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2024
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად მიუღებელია, განაცხადა ვიცე-სპიკერმა
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. ხელისუფლება და ოპოზიცია ბოლო დღეებში „გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებს სრულიად განსხვავებულად აფასებენ - ერთი მხარისთვის ეს არის აგრესია სამართალდამცავების მიმართ და თავდასხმა სამთავრობო უწყებაზე, მეორისთვის კი ეს მშვიდობიანი პროტესტია.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება, თუმცა 30 აპრილსა და 1 მაისს სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას პროტესტმა არაპროგნოზირებადი ხასიათი მიიღო. არეულობის დროს დემონსტრანტები პოლიციელებსა და პარლამენტის შენობას ქვებს, ბოთლებს და კვამლის ბომბებს ესროდნენ, ანთებდნენ კოცონს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი გამოიყენა.
„არჩევნებში გამარჯვების შანსი როცა არ აქვთ, რასაკვირველია, დესტაბილიზაცია არის ერთადერთი გამოსავალი და ამას უკვე რამდენი ხანია ვამბობთ, არათუ თვეები, წლები მიმდინარეობს ასეთი პროცესების განვითარების მცდელობა. 2019-ში, 2020-ში, 2022-ში, ახლაც“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მისი თქმით, დღეების მიხედვით შეიძლება ჩამოთვალოს ადამიანმა ის მძიმე და პროვოკაციული მოწოდებები, რომელიც „რადიკალურ ოპოზიციას“ ახასიათებს.
„უმცირესობაში დარჩენილ პოლიტიკურ ჯგუფებს სხვა გამოსავალი არ აქვთ, თუ არა დესტაბილიზაცია და ეს არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას. პირიქით, ძალიან მძიმე მდგომარეობა არის მსოფლიოში და ერთი საერთო ამოცანაა უნდა იყოს წესით, რომ როგორმე სამშვიდობოზე გავიყვანოთ ჩვენი სამშობლო”, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ვიცე-სპიკერმა კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც უნდა შეეხოთ სადავო კანონპროექტი. მასში ნათქვამია, რომ არასამთავრობოები და მედიები უნდა დარეგისტრირდნენ უცხოური ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციების რეესტრში, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% - უცხოური დაფინანსებაა. აგრეთვე მათ წელიწადში ერთხელ დეკლარაცია უნდა შეავსონ.
„არასამთავრობო ორგანიზაციები გამოდიან ტრიბუნაზე, პოლიტიკურ სფეროში იჭრებიან, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, რომ იყვნენ აგრესიულები. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს კანონის მიღების აუცილებლობას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ღამის პროტესტი ისეთივე მშვიდობიანი იყო, როგორც ქართული კანონპროექტი რუსულია, როგორც ამას მისი ოპონენტები ამტკიცებენ, განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
გუშინ ღამით, მას შემდეგ რაც დეპუტატებმა სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირეს მხარი და პარლამენტის შენობა დატოვეს, ახალგაზრდებმა პარლამენტის ეზოში შეჭრა გვერდითი შესასვლელებიდან სცადეს.
თავდაპირველად აქციის მონაწილეები ჭიშკარს არყევდნენ, ხოლო მას შემდეგ რაც ეზოში მყოფმა ძალოვანებმა წიწაკის სპრეი გამოიყენეს, მომიტინგეებმა ჭიშკართან ნაგვის ურნებისგან და სხვადასხვა სამშენებლო მასალებით ბარიკადების მოწყობა დაიწყეს. ამის შემდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, საპასუხოდ კი პარლამენტის ეზოში ქვები, ბოთლები და სხვა ნივთები ესროლეს. არეულობები 6 საათზე მეტხანს გაგრძელდა.
ენერგია უფრო ეფექტურად უნდა დაიხარჯოს, განაცხადა აქციაზე „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
„ზოგადად არ მომწონს როდესაც ვერ ვხედავ რაიმე კონკრეტულ მიზანს, ენერგიის დაცლა კარგია და ასევე კარგია, როდესაც უსაფრთხოდ იცლება და არავინ არ ზიანდება... აქცია რაღაცნაირად უფრო პოლიტიკური უნდა გახდეს და მასზე პასუხისმგებლობა პოლიტიკოსებმა უნდა აიღონ“, - განაცხადა ხვიჩიამ.
მისი თქმით, ისე გამოდის, რომ ახალგაზრდები ემოციით რაღაცას შვებიან, რასაც შეიძლება ცუდი შედეგები მოჰყვეს და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ იყოს.
გასულ ღამეს გამართულ აქციას მშვიდობიანი უწოდა პოლიტიკური ჯგუფ „ოპტიმისტების“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
„რაც შეეხება ძალადობას, ეს არის სიცრუე. ეს პროპაგანდა არ მუშაობს. იმიტომ, რომ მე დილამდე ვიყავი რუსთაველზე, მე პარლამენტის წინა შესასვლელთან ვიდექი, ადამიანები თვითონ ალაგებდნენ ბარიკადებს, როდესაც ხელისუფლებამ და პოლიციამ საერთოდ ყველანაირი დაცვა პარლამენტის შენობის წინა ტერიტორიიდან მოხსნა“, - განაცხადა დეკანოიძემ.
მას კომენტარი არ გაუკეთებია იმასთან დაკავშირებით, რაც დებოდა პარლამენტის გვერდითა შესასვლელებთან (9 აპრილის და ჭიჭინაძის ქუჩებზე), სადაც არეულობის ეპიცენტრი იყო.
მისი თქმით, პარლამენტთან შეკრებილებს არ უცდიათ არც შუშის ჩამტვრევა, არც შესვლა და არც რაიმე სახის პროვოკაცია.
„უფრო მეტსაც გეტყვით, როდესაც ვიდექით პარლამენტის წინა შესასვლელთან, სპეცრაზმი შიგნიდან, პროვოკაციისთვის ბოთლებს გვესროდა და წყალს გვასხამდა“, - განაცხადა დეპუტატმა.
იმას, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყო, ამტკიცებს ასევე „ლელოს“ წევრი გიორგი გეგელია.
„ეს იყო და დარჩა მშვიდობიან აქციად. იქ იყო გამოხატვის სხვადასხვა ფორმა, სხვადასხვა მონაწილეს აქვს სხვადასხვა პერსპექტივა, თუ როგორ გამოხატოს საკუთარი პროტესტი, მაგრამ, არსებითად, აქცია იყო მშვიდობიანი და დარჩა მშვიდობიან ფარგლებში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
პროტესტის ქრონოლოგია
აქციის მონაწილეებმა შეკრება საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან 1 მაისს, დაახლოებით 12:00 საათზე დაიწყეს. დაახლოებით 18:00 საათიდან აქციის მონაწილეთა რაოდენობამ იმატა, მათ დაიწყეს ტერიტორიის შევსება როგორც პარლამენტის შენობის უკან, ისე მის წინ რუსთაველის გამზირზე.
პოლიცია 9 აპრილის ქუჩაზე კორდონში ჩადგა, როდესაც დეპუტატებსა და პარლამენტის თანამშრომლებს პარლამენტის შენობა 20:00 საათზე სკანდალური კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მეორე მოსმენით მიღების შემდეგ უნდა დაეტოვებინათ. როდესაც ისინი წავიდნენ, ძალოვანებმაც დატოვეს ტერიტორია, რათა ადგილი დაეთმოთ საპროტესტო აქციისთვის.
თავის მხრივ, მომიტინგეების ნაწილმა, პოლიციის მოწოდების მიუხედავად, ემოქმედათ კანონის ფარგლებში, 9 აპრილის ქუჩაზე პარლამენტის ეზოს ჭიშკრის მორყევა დაიწყო. პოლიციამ მათ წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყო. მშვიდობიანი პროტესტი ღამის 22 საათის შემდეგ არეულობაში გადაიზარდა.
შსს-ს ცნობით, აქციაზე მომიტინგეებმა გაურკვეველი წარმოშობის ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია 15 ჰოსპიტალიზებული მომიტინგის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ორ დღეში შვიდი დაშავებული პოლიციელის შესახებ განაცხადა.
თბილისში საპროტესტო აქციები 15 აპრილიდან იმართება.
რაც შეეხება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, ის უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიებისთვის უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობას მოითხოვს, ოპონენტები კი ამტკიცებენ, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები. მათი თქმით, ეს კანონი საქართველოს ევროინტეგრაციაზე ნეგატიურად იმოქმედებს.
ყველა ახალი ამბავი
0