არ ჯდება სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში - პაპუაშვილი დანიგანის განცხადებაზე

© Courtesy of Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 03.05.2024
გამოწერა
საქართველოს მთავრობის წევრებმა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე უარი განაცხადეს, რადგან პირობა იყო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვის შეჩერება.
თბილისი, 3 მაისი – Sputnik. დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რაც გულისხმობს ნდობაზე აგებულ ურთიერთობას, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ამერიკის ელჩის, რობინ დანიგანის განცხადების კომენტირებისას.
დანიგანმა განაცხადა, რომ ცოტა ხნის წინ საქართველოს მთავრობის უმაღლესი თანამდებობის პირები მიიწვიეს აშშ-ში, სადაც აშშ-ის მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები უნდა განეხილათ, მაგრამ ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი განაცხადა. საპასუხოდ საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უარი თქვა შეერთებულ შტატებში ვიზიტზე, რადგან არსებობდა დათქმა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა შეჩერდებოდა.
„სამწუხაროა, რომ ასეთი ინტერპრეტაციით გააკეთა განცხადება აშშ-ის ელჩმა. საგარეო საქმეთა სამინისტრომ უპასუხა ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, დათქმებით ვიზიტის განხორციელება არ ჯდება იმ სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებაში, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ აშშ-ს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, როგორც ელჩთან ქვეყანაში, ისე ჩვენს პარტნიორებთან ამერიკაში სასაუბროდ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილის თქმით, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფებოდა აშშ-ში და ის გამართა შეხვედრები როგორც კონგრესსა და სენატში, ისე სახელმწიფო დეპარტამენტში.
„თუმცა, როდესაც ასეთ მაღალ დონეზე ხდება მოწვევა პრემიერ-მინისტრის და ხდება წინაპირობების დაყენება, რა თქმა უნდა, ეს არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რომელიც პარტნიორობას უნდა ახასიათებდეს; კერძოდ, ნდობით ურთიერთობას, და იმ მეგობრულ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენს ქვეყნებს შორის არის“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
დანიგანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებში გაკეთებულმა არჩევანმა „ქვეყანა ევროატლანტიკურ მომავალს დააშორა“.
ელჩმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ევროკავშირის განცხადება, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღება შეუთავსებელია საქართველოს მისწრაფებასთან გახდეს ევროკავშირის წევრი.
ამავე დროს, დანიგანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წარმომადგენელი თავს ესხმის საქართველოს სუვერენიტეტის ყველაზე დიდ მხარდამჭერებს - შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს.
სადავო კანონპროექტი
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უცხოეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური დეკლარაციის შევსებას იმ შემთხვევაში ავალდებულებს, თუ მათი წლიური შემოსავლის 20% უცხოეთიდან მიღებული დაფინანსებაა.
მომიტინგეები „რუსული კანონის“ გაწვევას მოითხოვენ და მის მხარდამჭერ დეპუტატებს „მონებს“ უწოდებენ. 15 აპრილიდან ისინი თბილისში ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მართავენ. 30 აპრილსა და 1 მაისს, როდესაც კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილებოდა, მშვიდობიანი საპროტესტო აქციები არეულობაში გადაიზარდა.
მმართველმა პარტიამ 2023 წლის მარტში პროტესტის ფონზე გაწვეული კანონპროექტის ხელახალი ინიცირების არგუმენტად მოიყვანა ის, რომ გამჭვირვალობის შესახებ დაპირების მიუხედავად, უცხოელმა დონორებმა გაზარდეს საქართველოში რადიკალური ჯგუფებისა და პარტიების ფარული დაფინანსება.
კანონის გაწვევისკენ მოუწოდებენ ევროკავშირი, ევროპული საბჭო, გაერო, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და საქართველოს ზოგიერთი პარტნიორის, დასავლური ქვეყნის ლიდერები.
საქართველოს ხელისუფლებაში აღნიშნავენ, რომ დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია, რადგან უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონები აქვთ აშშ-ს, ისრაელსა და ავსტრალიას და ასეთი კანონპროექტები განხილვის სტადიაშია ევროკავშირსა და საფრანგეთში.
ყველა ახალი ამბავი
0