Austrian Airlines-მა ვენიდან თბილისში პირველი რეისი შეასრულა

© Courtesy of United Airports of GeorgiaAustrian Airlines
Austrian Airlines  - Sputnik საქართველო, 1920, 02.05.2024
გამოწერა
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ ავიაკომპანიასთან ორწლიანი მოლაპარაკების პროცესი წარმატებით დაასრულა.
თბილისი, 2 მაისი – Sputnik. საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირება ავსტრიის ლიდერმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა დაიწყო, იუწყება საქართველოს აეროპორტების გაერთიანება.
ახალი ევროპული ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს ვენა-თბილისი-ვენას მიმართულებით კვირაში 3 სიხშირით Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განახორციელებს.
აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, ავსტრიის ავიახაზები სიახლეა ქართული ავიაბაზრისთვის და ვენა არის ერთ-ერთი მოთხოვნადი მიმართულება, როგორც ტურისტული, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს მივიღეთ Austrian Airlines-ის პირველი რეისი. ჩვენ წარმატებით დავასრულეთ ორწლიანი მოლაპარაკება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვენის მიმართულებით კიდევ ერთი ევროპული ავიაკომპანია შეასრულებს ფრენებს კვირაში 3 სიხშირით. მოხარულები ვართ, რომ პირველ რეისზე ყველა ბილეთი გაყიდული იყო და სრული დატვირთვით ჩამოფრინდა ბორტი“, - განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.
შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში გამთენიისას, პირველ რეისს ვენიდან 136 მგზავრი ჩამოჰყვა.
პირველ რეისს საქართველოში ავსტრიის ელჩი თომას მიულმანი, აღმოსავლეთ ევროპასა და ისრაელში Austrian Airlines-ის გაყიდვების დირექტორი შტეფან ლინჰარტი, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე და თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის Tav Georgia-ს წარმომადგენლები დახვდნენ.
1957 წელს დაფუძნებული და ის Lufthansa Group-ის შვილობილი კომპანიაა. Star Alliance-ის წევრი ავიაკომპანია ფრენებს 55 ქვეყნის 130 მიმართულებით ასრულებს. მისი ფლოტი 70 საჰაერო ხომალდისგან შედგება, საიდანაც უმეტესობა Airbus A320 ტიპის თვითმფრინავებს წარმოადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0