პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია

© CEC of Georgiaგიორგი კალანდარიშვილი
გიორგი კალანდარიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 30.04.2024
გამოწერა
კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 16.
თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილი აირჩია - მეორე კენჭისყრაზე მას მხარი მმართველი პარტიის დეპუტატებმა და ოპოზიციის ნაწილმა დაუჭირა მხარი.
კალანდარიშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 85-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო - 16.
კალანდარიშვილთან ერთად, ამავე ვადით ცესკოს სამი წევრი - მაია ზარიძე, გიორგი შარაბიძე და გია ცაცაშვილი დაამტკიცეს.
მეორე კენჭისყრა იყო საჭირო, რადგან კალანდარიშვილმა 16 აპრილს 90 დეპუტატის მხარდაჭერა ვერ მიიღო, რაც პირველ ეტაპზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ ასარჩევად არის საჭირო. მეორე ეტაპზე ასარჩევად საკმარისია 76 ხმა.
კალანდარიშვილი ამ თანამდებობაზე პირველად 2021 წლის აგვისტოში ექვსი თვით აირჩიეს. მოგვიანებით, 2022 წლის თებერვალში, იგი 6 თვით კვლავ ჩაუდგა სათავეში ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ვინ არის გიორგი კალანდარიშვილი
ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი კალანდარიშვილი 1984 წელს დაიბადა.
დაწყებითი განათლება ქუთაისში მიიღო, უმაღლესი განათლება – აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის მიმართულებით.
აქვს ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინგლისური ენის სპეციალისტის კვალიფიკაცია. აქვს იურისტის კვალიფიკაცია მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხით.
სტაჟირება გაიარა იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.
2005-2008 წლებში მუშაობდა სააქციო საზოგადოებებში მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
2008 წელს მიიღო საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი. ამის შემდეგ კალანდარიშვილი კონკურსის წესით დაინიშნა ცესკოს საზოგადოებასთან და პრესასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსად.
იყო ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი და 2011 წელს ჩამოყალიბებული ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი.
2019 წელს ცესკოს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.
2021 წელს დაინიშნა ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე. ასევე 2021 წლის 8 აპრილიდან დღემდე იკავებს ცესკოს გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას.
ყველა ახალი ამბავი
0