მერია: პარლამენტთან აქციის მონაწილეების შეკრება არასანქცირებულია

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
რუსთაველის გამზირზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციაზე დაძაბული ვითარებაა
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ - დემოკრატიულმა საქართველომ“ 29 აპრილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მხარდასაჭერად თავისი მხარდამჭერების აქცია დააანონსა - საყოველთაო სახალხო შეკრება საქართველოს პარლამენტის შენობის წინ გაიმართება. აქციას დაესწრება პარტიის საპატიო თავმჯდომარე და დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.
უწყების ცნობით, 22 აპრილს თბილისის მერიას წერილით მიმართა მმართველმა პარტიამ 29 აპრილს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ სახალხო შეკრებასთან დაკავშირებით.
შეკრების მასშტაბურობიდან გამომდინარე, ორგანიზატორებმა დაგეგმეს სამზადისის დაწყება სამი დღით ადრე და მოითხოვეს კანონით გათვალისწინებული სხვადასხვა ღონისძიების გატარება.
„შესაბამისად, აქციის იმ მონაწილეების შეკრება, რომლებიც ახლა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან, არის არასანქცირებული. მოვუწოდებთ მათ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან და მისცენ 29 აპრილს დაგეგმილი ღონისძიების ორგანიზატორებს სამუშაოების ჩატარების შესაძლებლობა", - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, თბილისის მერიამ დილითვე გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ 29 აპრილს დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით შეიზღუდება ტრანსპორტის გადაადგილებაც.
„არსებობს კანონის შესაბამისი გაფრთხილება, რომ 27 აპრილიდან 30 აპრილამდე, „ქართულ ოცნებას“ დაკავებული აქვს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც ეწყობა მსუბუქი კონსტრუქციის სცენა, მონტაჟდება ეკრანები და სხვადასხვა აპარატურა", - აღნიშნულია განცხადებაში.
28 აპრილის 19:00 საათისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის ათასობით მოწინააღმდეგე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბა და 2 საათის შემდეგ პარლამენტისკენ დაიძრნენ. აქციის მონაწილეებმა, რომლებიც რეზონანსული კანონპროექტის კენჭისყრიდან მოხსნას მოითხოვენ, საკანონმდებლო ორგანოს ცოცხალი ჯაჭვი შემოარტყეს.
რუსთაველის გამზირზე ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც პოლიციამ აქციის მონაწილეებს მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მხარდამჭერთა ხვალინდელი აქციისთვის მოწყობილ სცენაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშების აღმართვის საშუალება არ მისცა.
მანამდე განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომლის თანახმადაც პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით კანონით დადგენილი სპეციალური საშუალება გამოიყენა.
შსს-მ მოუწოდა აქციის ორგანიზატორებს, პოლიტიკური პარტიის ლიდერებს და მონაწილეებს, დაემორჩილონ სამართალდამცველების კანონიერ მოთხოვნებს და არ გასცდნენ პროტესტის გამოხატვის კანონით დადგენილ ნორმებს.
ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები რამდენიმე ადგილას არიან მობილიზებული - ნაწილმა რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი გადაკეტა, ნაწილი კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე არის განთავსებული - ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.
პარლამენტის შენობასთან ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა - პოლიციმ ე.წ.„წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
არიან დაკავებულები, მათ შორისაა ალექსი პეტრიაშვილი, ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2012-2014). ის წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.
პარლამენტში სკანდალური კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა 29 აპრილს არის ჩანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0