კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“: პარლამენტში ხმაურიანი დებატებია

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2024
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება პროტესტის მიუხედავად აგრძელებს საკამათო კანონპროექტის მიღების პროცესს
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საკამათო კანონპროექტს განიხილავს - საკამათო კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა იურიდიული კომიტეტის სხდომაზე მწვავე დებატების ფონზე მიმდინარეობს.
წუხელ გვიან ღამემდე თბილისის ცენტრში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეები კანონპროექტის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ გაწვევას მოითხოვენ. მათი თქმით, ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ერთ მწკრივში აყენებს საქართველოს მეგობრებსა და მტრებს, „ენჯეოებს“ იარლიყებს აწებებს და აფერხებს ქვეყნის ევროინტეგრაციას. ისინი ამ კანონს „რუსულს“ უწოდებენ.
მმართველი პარტია აცხადებს, რომ კანონის მიღების პროცესი გეგმის მიხედვით გაგრძელდება. საქართველოში კანონი გამჭვირვალობის შესახებ მიიღებენ, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დეპუტატმა „ქართული ოცნებიდან“ ნინო წილოსანმა.
„მარტივი მისახვედრია რატომ ითხოვს „ნაციონალური მოძრაობა"... სხდომის გადადებას. მათ ეს ბრძოლა გამჭვირვალობის წინააღმდეგ წააგეს და სწორედ ამიტომ, დღევანდელი საკომიტეტო და შემდგომ სასესიო განხილვები გაგრძელდება და ჩატარდება... კანონის მიღების პროცესი გაგრძელდება, როგორც დაგეგმილი არის. საქართველოს ექნება გამჭვირვალობის შესახებ კანონი", - განაცხადა ნინო წილოსანმა.
ოპოზიცია ითხოვს არა გადადებას, არამედ ზოგადად ამ ქვეყანაში განხილვის გაუქმებას და კანონპროექტების განხილვაზე საერთოდ ხელის აღებას, თავის მხრივ განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა.
„არანაირი არგუმენტი კანონპროექტის დებულებებთან დაკავშირებით არ მოგვისმენია არავის მხრიდან. საუბარი არის მხოლოდ ზოგადი, საუბარი არის აცდენილი ყველაფერს, ისევ და ისევ, თითქოს, ეს არის რუსული. ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე არგუმენტები წარმოადგინონ", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა კომიტეტის დაწყებამდე.
ამასთან, განხილვის პროცესი კომიტეტის სხდომაზე მწვავე დებატების ფონზე დაიწყო. ოპოზიციონერ დეპუტატებს კომიტეტის სხდომის გადადება სურდათ, თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თუ პროცედურასთან დაკავშირებით კითხვები არ არის, კანონპროექტის მუხლობრივი განხილვა მაინც გაიმართება.
პარლამენტში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა>>
„მუხლობრივად ვიწყებთ განხილვას, თუ რაიმე საკითხი გაქვთ, შინაარსობრივი განხილვის დროს დააყენეთ,“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა „ნაცმოძრაობის“ დეპუტატს თინა ბოკუჩავას.
ამის შემდეგ დეპუტატმა, ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ ბოკუჩავას მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის მმართველი პარტიის მიერ დაგეგმილი კონტრაქციის გამო უნდა გადაიდოს.
ორშაბათს საღამოს პარლამენტთან კანონპროექტის მხარდამჭერთა აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორია მმართველი პარტია „ქართული ოცნება“.
„თქვენ კონტრაქცია გაქვთ დაგეგმილი და ამიტომ შეთავაზება იყო, რომ ეს კომიტეტი გადადებულიყო, რომ ყოველგვარი პროვოკაცია, ან ინციდენტი იყოს თავიდან არიდებული,“ - განაცხადა ვაშაძემ, რის შემდეგაც კომიტეტის თავმჯდომარემ მას მიკროფონი გაუთიშა.
ამასთან, ოხანაშვილმა გააფრთხილა ოპოზიციონერი, რომ მათ არ მიეცემათ საუბრის საშუალება, თუ მუხლობრივი განხილვის საკითხის ჩარჩოებს გასცდებიან. ამასთან, კომიტეტის ხელმძღვანელმა ვაშაძეს არაერთხელ სთხოვა, მიკროფონის გარეშე არ ესაუბრა.
„მიკროფონის გარეშე გააგრძელებთ და დარბაზს დატოვებთ“, - მიმართა ოხანაშვილმა ვაშაძეს.
ამასთან, მან გაფრთხილება სხვა ოპოზიციონერ ლიდერებსაც მისცა.
კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე მოუწოდა ოპონენტებს, არ გაავრცელონ დეზინფორმაცია, თითქოს პლენარული სხდომა, რომელზეც კანონპროექტი მეორე მოსმენით დამტკიცდება, დღეს გაიმართება.
„დეზინფორმაციას ნუ ავრცელებთ. სესია არის ხვალ და ნუ ავრცელებთ დეზინფორმაციას, ვითომ, დღეს არის სესიის ჩატარება დაგეგმილი,“ - განაცხადა ოხანაშვილმა.
თბილისში საპროტესტო აქციაზე ყოფილი სახელმწიფო მინისტრი დააკავეს>>
სხდომათა დარბაზში დაძაბულობის ხარისხი ნელ-ნელა იმატებდა. შედეგად, კომიტეტის ხელმძღვანელმა სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა რამდენიმე ოპოზიციონერს, მათ შორის ვაშაძეს, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს და დეპუტატს ლევან ბეჟაშვილს.
შეხვედრის დატოვება მოუწია კიდევ ერთ ოპოზიციონერს, დეპუტატს სალომე სამადაშვილს („ლელო საქართველოსთვის“). ამას წინ უძღოდა სიტყვიერი შელაპარაკება ოხანაშვილთან იმის გამო, რომ კომიტეტის თავმჯდომარემ ოპოზიციონერს კითხვის დასმის საშუალება არ მისცა.
„პირველი მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაკარგონ უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა ევროკავშირთან“, - განაცხადა სამადაშვილმა, რის შემდეგაც მას მიკროფონი გაუთიშეს.
როგორც ოხანაშვილმა განმარტა, ის სვამდა კითხვას, რომელიც პირველ მუხლს არ ეხებოდა. „დატოვეთ დარბაზი. მანდატურს ნუ აყენებთ უხერხულ მდგომარეობაში, დატოვეთ დარბაზი!“ - მიმართა სამადაშვილს ანრი ოხანაშვილმა.
მას შემდეგ, რაც ოპოზიციონერმა დარბაზი დატოვა, სამადაშვილმა განაცხადა, რომ ფიზიკური ძალადობაზე სასამართლოში სარჩელს შეიტანს.
„ფიზიკური ძალადობაზე ვაპირებ სარჩელი შევიტანო როგორც პაპუაშვილის, კომიტეტის თავმჯდომარის და სამწუხაროდ იმ მანდატურების წინააღმდეგ, რომელიც ძალადობენ ჩვენზე. ძალის გამოყენების უფლება არ აქვთ მანდატურებს“, - აღნიშნა სამადაშვილმა.
კომიტეტის სხდომა ამ წუთებშიც გრძელდება.
სადავო კანონპროექტი
კანონპროექტი ითვალისწინებს მხოლოდ უცხოური ძალების ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი დაფინანსების გამჭვირვალობას. მათ საქმიანობაზე არანაირი შეზღუდვა არ არსებობს.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად შეიძლება ჩაითვალოს მხოლოდ ის იურიდიული პირი, რომლის წლიური შემოსავლის 20%-ის წყარო „უცხო ძალაა“.
თუ ორგანიზაცია აკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს, მან თავად უნდა მიმართოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს რეგისტრაციისთვის. პროცედურა იქნება უფასო.
სუბიექტები, რომლებიც დარეგისტრირებული არიან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების რეესტრში, კანონპროექტის თანახმად, ყოველ იანვარში ვალდებული იქნებიან ელექტრონულად შეავსონ წინა წლის ფინანსური დეკლარაცია.
უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არ შევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.
პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.
ყველა ახალი ამბავი
0